რა ბედი ელის ელონ მასკის ავტომობილს კოსმოსში
რა ბედი ელის ელონ მასკის ავტომობილს კოსმოსში

ამ წუთებში, ელონ მასკის პირადი ავტომობილი Tesla Roadster-ი ღრმა კოსმოსში მიჰქრის.

რამდენიმე დღის წინ, SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით გაშვებული მანქანა, მზის ორბიტაზე მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებს.

გულადი მანეკენით აღჭურვილი მანქანა პირველი ავტომობილია, რომელიც კოსმოსში გაგზავნეს.

მაგრამ საინტერესოა, რა ბედი ელის გალაქტიკაში მონავარდე ამ ბრწყინვალე სუპერმანქანას?

LiveScience-ის ცნობით, მასკის წითელი Tesla-ს ბედი შავბნელია — განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ SpaceX-ის განცხადებას, რომ მანქანა ასტეროიდთა სარტყლისკენ მიემართება.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ორბიტაზე გასვლის შესაძლეობლობას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, Roadster-ი ახლა უკვე იმ რეალობის წინაშეა, რომელშიც სამყარო მთელი თავისი სისასტიკით უქადის განადგურებას.

კოსმოსის ვაკუუმის წნევა გახეთქავს საბურავებსა და უსაფრთხოების ბალიშებს.

რადიაცია და გზადაგზა შემხვედრ მილიონობით მეტეორთან შეჯახება ფლაგმან ავტომობილს თანდათანობით მოსპობს.

მოლეკულური ექსპერტის, უილიამ კაროლის განცხადებით, სულ რაღაც ერთ წელიწადში, კოსმოსური რადიაცია მანქანას გაანადგურებს.

„იქ არსებული სხვადასხვა სახის რადიაცია მანქანის ყველა ორგანულ მასალას დაშლის“, — ამბობს ინდიანის უნივერსიტეტის ქიმიკოსი უილიამ კაროლი.

„ეს მასალები ძირითადად შედგება ნახშირბად-ნახშირბადისა და ნახშირბად-წყალბადის ბმებისგან. ასეთ გარემოში, ეს ორგანული მასალები ერთ წელიწადსაც ვერ გასძლებს“.

მისი თქმით, ვარსკვლავურ რადიაციას ამ ბმების დაშლა შეუძლია. ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს მანქანის ნაკუწ-ნაკუწ დაჭრას. ყველაფერი კოსმოსურ ნაგვად იქცევა.

თანდათანობით, Roadster-ისგან მხოლოდ არაორგანული ნაწილებიღა დარჩება: ალუმინის ჩარჩო, შიდა მეტალები და მეტეორების შეჯახებას გადარჩენილი მინის ნაწილები.

კაროლის მოსაზრებებს დიდწილად ეთანხმება ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი რიჩარდ საჩლებენი. მისი აზრით, სულ მცირე მილიონი წლის შემდეგ, მანქანა გარკვეულწილად მაინც ამოცნობადი იქნება.

„რაც შეეხება უფრო დიდი პერიოდს, მილიარდობით წელი ნამდვილად ძალიან, ძალიან დიდი დროა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მდგომარეობაში იქნება ავტომობილი იმ დროს“,

„არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან შორეულ მომავალში შეიძლება კიდევ გამოჩნდეს კოსმოსში მოხეტიალე მანქანების ვინმე ენთუზიასტი და გადაწყვიტოს, ელონის Roadster-ი თავის კოლექციას შეჰმატოს“, — ამბობს საჩლებენი.


მომზადებულია LiveScience-ის მიხედვით