რეზი ქოიავა - პოროშენკოს შეცვლა აშშ-ის ინტერესებში ნამდვილად არ შედის
აშშ-ის ინტერესებში პოროშენკოს შეცვლა ნამდვილად არ შედის,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მართალია, ტრამპის ხელისუფლებასთან პოროშენკოს თავიდან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან პოროშენკოს გუნდი ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტებას უჭერდა მხარს თუმცა, პოროშენკომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მისი გულის მოგება მოახერხა – ამერიკაში რამდენიმეჯერ ჩავიდა და ტრამპისთვის საყვარელ თემაზე ითამაშა. ის მაქსიმალურად ყიდულობს ამერიკულ პროდუქციას, მათ შორის ქვანახშირსაც, რომელიც ბევრად ძვირი უჯდება. რაც შეეხება ევროპას, ამჯერად, შიდა პრობლემებიდან გამომდინარე ევროპაში უკრაინისთვის არ სცალიათ“, – განაცხადა ქოიავამ.
მისი თქმით, უკრაინის პრობლემა არადემოკრატიულობა არ არის, რადგან ეს ქვეყანა საკმაოდ დემოკრატიულია.
„იქ არ არის პოლიტიკური რეპრესიები, არის მრავალპარტიულობა, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. უკრაინის პრობლემა სახელმწიფოებრიობაა, რადგან ხელისუფლება ლეგიტიმური ძალადობის უფლებას ვერ ახორციელებს, ვერ ახდენს საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნა-გადანაწილებას, რაც კარგად გამოჩნდა სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე და გუშინაც, როცა პოლიციამ დაკავებულის იზოლატორამდე მიყვანა ვერ მოახერხა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა.
რეზი ქოიავამ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ამ ეტაპზე არანაირი რესურსი აღარ აქვს, უკრაინაში დიდი მოძრაობა წამოიწყოს.
„სააკაშვილის პარტიის რეიტინგი ბოლო გამოკითხვებით 1,6% იყო. მიშამ უკრაინაში პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ამის მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილს კონკურენტულ გარემოში მოქმედება უჭირს. უკრაინულ პოლიტიკას კი შესაძლოა, ბევრი ცუდი რამ ახასიათებდეს, მაგრამ კონკურენტული ნამდვილად არის, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ინტერესი იკვეთება. გარდა ამისა, რეალურად, სააკაშვილმა ამომრჩეველს კონსტრუქციული ოპოზიციური პროგრამა ვერ შესთავაზა“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.