რეზი ქოიავა - თავიდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე, სამ სასაზღვრო პუნქტზე საერთაშორისო მონიტორების დაყენებაზე იყო საუბარი, ახლა კი, საუბარი სატრანზიტო დერეფნების გახსნაზე მიდის
რეზი ქოიავა - თავიდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე, სამ სასაზღვრო პუნქტზე საერთაშორისო მონიტორების დაყენებაზე იყო საუბარი, ახლა კი, საუბარი სატრანზიტო დერეფნების გახსნაზე მიდის

SGS-თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ამ საკითხმა უფრო ფართო კონტექსტი შეიძინა, რაც თავიდან, საქართველოს მიერ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს გათვალისწინებული არ იყო, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„თავიდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე, სამ სასაზღვრო პუნქტზე საერთაშორისო მონიტორების დაყენებაზე იყო საუბარი, ახლა კი, საუბარი უკვე უშუალოდ სატრანზიტო დერეფნების გახსნაზე მიდის“, – განაცხადა ქოიავამ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ცოტა ბუნდოვანია, სატრანზიტო დერეფნები რამდენად რეალურად ამუშავდება.

„თუ ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, საქართველო-რუსეთის ვაჭრობის გასააქტიურებლად ალბათ, რუსეთისთვის უფრო მისაღები აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ხაზის ამოქმედება იქნებოდა, რაც პორტებს განტვირთავდა და უფრო მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ რუსეთისგან მთავარი აქცენტი მაინც სომხურ ეკონომიკურ სივრცეზე კეთდება და ამ სატრანზიტო დერეფნების გახსნის ერთ-ერთი აქტიური ლობისტი სწორედ სომხეთი იყო“, – განაცხადა ქოიავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოძრავი ტვირთების რეალური კონტროლის საშუალება, რეზი ქოიავამ განაცხადა, რომ ეს კომპლექსური და რთული საკითხია.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის ეს საკითხი ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველი ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორები პირველად განთავსდებიან. მეორე საკითხი კი ისაა, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა, ყველა ის ტვირთი გააკონტროლოს, რომელიც გამშვები პუნქტების გავლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შევა, რადგან რუსეთი ვალდებულია, შვეიცარიულ კომპანია SGS-ს ინფორმაცია სრულფასოვნად მიაწოდოს“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.