რეზი ქოიავა - ვხედავთ, რომ გლობალური სამხრეთი გარკვეულ საკითხებში სამართლიანობის მომთხოვნი სივრცე ჩნდება, მათ ჰქონდათ ინიციატივები ღაზისა და უკრაინის კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
რეზი ქოიავა - ვხედავთ, რომ გლობალური სამხრეთი გარკვეულ საკითხებში სამართლიანობის მომთხოვნი სივრცე ჩნდება, მათ ჰქონდათ ინიციატივები ღაზისა და უკრაინის კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გლობალური სამხრეთი ჩნდება, როგორც გარკვეულ საკითხებში სამართლიანობის მომთხოვნი სივრცე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„იმავე ღაზის კონფლიქტის საკითხში, ასევე უკრაინის კონფლიქტშიც მათ რამდენიმეჯერ წამოაყენეს ინიციატივები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; ინდონეზიას და აფრიკულ ქვეყნებს ჰქონდათ ინიციატივები, რადგან ეს კონფლიქტი არ არის მხოლოდ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც ლოკალურად ჩაკეტილია, მას დანარჩენ მსოფლიოზეც დიდი გავლენა ჰქონდა სურსათის ან ენერგორესურსების უზრუნველყოფის კუთხით. მანამდე, შეგვიძლია, გავიხსენოთ პანდემია, როდესაც გლობალური სამხრეთის ხმა ისმოდა იმ კუთხით, რომ მათ არ აქვთ წვდომა ვაქცინებზე, სამედიცინო საშუალებებზე, რათა პანდემიას ებრძოლონ და დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან. ამ მხრივ, გლობალურ სამხრეთს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავლის მსოფლიოში, სადაც იქმნება ისეთი პრობლემები, რომლებიც გლობალურია და მთელ მსოფლიოს ეხება, კლიმატის ცვლილება იქნება ეს, პოტენციური პანდემიები თუ კონფლიქტები გლობალურ ჩრდილოეთში, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას და მილიონობით ადამიანს ეხება. გლობალურ სამხრეთს აქვს იმის პერსპექტივა, პოზიტიური როლი ითამაშოს და იყოს მშვიდობის, სოლიდარობის, თანასწორობის, კონსენსუსის და კონსოლიდაციის სივრცე იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ლოკალური არ არის და არის მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ქოიავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით მრავალფეროვანი გლობალური სამხრეთის, ამ სამყაროს რაღაც თვალსაზრისით რეალური თანამშრომლობა, რადგან კულტურული მდგენელები თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი არხის ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ცხადია, უფრო მულტიპოლარულ სამყაროზე საუბრები არის სამყაროს უფრო მეტი დემოკრატიზაცია და ემანსიპაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სამყარო იდეალური გახდება და იქ პრობლემები არ იქნება.

„შეიძლება, გაქრეს ერთი პრობლემა, მაგრამ ცხადია, დაიბადება სხვა ტიპის პრობლემები და დრო გვიჩვენებს, რა კონფლიქტები, ტენდენციები და დინამიკა იქნება შიგნით. ცხადია, ძველი მოკავშირეები ერთმანეთთან დაპირისპირებულიც გახდებიან და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ მივიღებთ იდეალურ სამყაროს და არც უნდა იყოს ასე. ეს რაღაც ანტიისტორიული აზროვნებაც არის, რომ ჩვენ მივიღებთ უკონფლიქტო, უპრობლემო სამყაროს. უბრალოდ, პრობლემების ერთ ტიპს პრობლემების მეორე ტიპი ჩაანაცვლებს, თუმცა შეიძლება, ეს მაინც იყოს უკეთესი სამყარო ან შეიძლება, არც იყოს. ამაზე ახლა მსჯელობა სპეკულაციური იქნება“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.