რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, უკრაინის მოვლენებში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები იკვეთებოდეს
რამაზ საყვარელიძე - შესაძლოა, უკრაინის მოვლენებში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები იკვეთებოდეს

ვფიქრობ, სცენარი გარე ძალებისგან არის შედგენილი, რომ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს შესაძლოა, იყოს არა ერთი ქვეყანა, არამედ – ერთდროულად რამდენიმე. შესაძლოა, ეს იყოს დასავლეთი და რუსეთი ერთად და უკრაინასთან მიმართებაში მათი ინტერესი იკვეთებოდეს, ისევე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში. როგორც ასეთი, დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებისთვის ერთმანეთს კი არ ეჭიდავებიან, თანხმდებიან. ვფიქრობ, ეს სცენარი პოროშენკომაც იცის და ამ სცენარით განსაზღვრულ როლს ასრულებს. სხვანაირად შეუძლებელია იმას, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, ლოგიკური ახსნა ჰქონდეს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთისთვის და დასავლეთისთვის უკრაინაში არსებული რეჟიმი ბევრ სირთულეს ქმნის.

„პოროშენკოს დასავლეთის მიმართ მეტისმეტად ბევრი პრეტენზია აქვს. იმ ამოცანების ჭრილში კი, რითაც რუსეთი და ამერიკის თამადობით დასავლეთი ხელმძღვანელობს, უკრაინაში არსებული რეჟიმი ბევრ სირთულეს ქმნის. შესაძლოა, ორივე მხარისთვის მისაღები იყოს ისეთი ხელმძღვანელობის მოყვანა, რომელიც ამ სირთულეებს უფრო რბილად მოუვლის. ეს ხელმძღვანელი სააკაშვილი ვერ იქნება. უკრაინის კონსტიტუციის ფარგლებში ის მხოლოდ შემსრულებელი შეიძლება იყოს და სცენარის ფარგლებში იმუშაოს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.