რეზი ქოიავა - რუსეთიდან შესაბამისი სიგნალის შემთხვევაში, აფხაზეთის ოპოზიციას შეუძლია, დაამხოს ხაჯიმბას ხელისუფლება
რეზი ქოიავა - რუსეთიდან შესაბამისი სიგნალის შემთხვევაში, აფხაზეთის ოპოზიციას შეუძლია, დაამხოს ხაჯიმბას ხელისუფლება

რუსეთიდან შესაბამისი სიგნალის შემთხვევაში, აფხაზეთის ოპოზიციას შეუძლია, დაამხოს ხაჯიმბას ხელისუფლება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ განაცხადა.

„მოვლენების ასე განვითარების მიზეზი არის ის „არჩევნები“, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. „არჩევნებში“ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რაულ ხაჯიმბამ, მაგრამ საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე, როდესაც ე.წ. პრეზიდენტის რეიტინგი მუდამ იკლებდა, კრიმინალის დონე გაიზარდა, ვერ მოგვარდა მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული პრობლემები. ცხადი იყო, რომ მისი რეიტინგიც მუდმივად მცირდებოდა. ამასთანავე, ოპოზიციას ჰქონდა მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ და უკვე ნათელი იყო, რომ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობის მეორე ვადა აღარ ექნებოდა. ამ პრობლემამ სწრაფად იჩინა თავი ახალი წლის დადგომის შემდეგ. ამ ეტაპზე რუსეთი ნაკლებად ერევა ამ საკითხებში. მისთვის, შეიძლება ითქვას, ორივე კანდიდატი მისაღებია. მოსკოვი აკვირდება, რომელი უფრო ლოიალური იქნება მისდამი და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქოიავამ.

ქოიავას თქმით, ე.წ. ოპოზიციის კანდიდატის უკან დგას ასლან ბჟანია, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურაა აფხაზეთში, მას აქვს კავშირები რუსეთთანაც.

„იგი დაელოდება რუსეთისგან სიგნალს, რომლის შედეგადაც იმოქმედებს ოპოზიცია. თუ მათ მიიღეს სიგნალი, შეუძლიათ დაამხონ ხაჯიმბას ხელისუფლება, თუ არადა, ისინი დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განიხილავს არჩევნების შედეგებს, თუმცა ეს პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო. ამ პროცესების ერთ-ერთი სტიმულატორი იყო კრიმინალის ზრდა. სოხუმის ცენტრში რამდენიმე თვის წინ კანონიერი ქურდი ჩაცხრილეს, რამაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ დიდად შეიცვალოს ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. თუ ხელისუფლების ცვლილება მოხდა, იმედი ვიქონიოთ, რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს ექნება ადგილი. მაგალითად, გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა ქოიავამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.