რეზი ქოიავა - საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე გადამწყვეტი ფაქტორი არ არის
რეზი ქოიავა - საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე გადამწყვეტი ფაქტორი არ არის

საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, რეზი ქოიავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, უკრაინას აქვს გარკვეული პრეტენზია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერის, ან რუსეთთან ერთად თანალიდერის როლი შეასრულოს და ის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. მათ შორის, იყო ბელორუსში რამდენიმე ვიზიტი, პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში და სავარაუდოდ, ისინი სააკაშვილის ფაქტორით საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვას არ ეცდებიან“, – განაცხადა ქოიავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობა კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რეზი ქოიავამ განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში პრეზიდენტად მოვა.

„რა თქმა უნდა, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაძაბავს. წარსულს რომ გადავხედოთ, იმ პერიოდში, როცა სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა, მოქალაქეობა და შემდეგ უკვე, პოლიტიკური თანამდებობაც მიიღო, საქართველო–უკრაინის ურთიერთობა გაფუჭებული იყო. ურთიერთობების დათბობა-დაახლოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილი პოროშენკოს წინააღმდეგ გამოვიდა და მან და მისმა მომხრეებმა, უკრაინაში ქართულმა დესანტმა გავლენა დაკარგა“, – განაცხადა რეზი ქოიავამ.