რევაზ სოხაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა თბილისში ყველაფერი გაყიდა და ნებართვები წარმოუდგენელ ადგილებზე გასცა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა დედაქალაქის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მწვავე განცხადებების ფონზე გრძელდება.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ სამშენებლო ნებართვები ისეთ ადგილებზე გასცა, სადაც დაუშვებელი იყო.
„ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით, 2000 წლიდან ამ ქალაქს მართლა ბოდიში და, დედა უტირეთ თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. დღეს ყველას, ჩემ შვილებს, თქვენ შვილებს იმ უპასუხისმგებლობისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ, ხარკის გადახდა მოუწევთ. თქვენ ყველაფერი გაყიდეთ, ნებართვები ისეთ ადგილებზე გაეცით, რომ საერთოდ წარმოუდგენელია“, – მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ სოხაძემ.
მისი თქმით, დღეს ოპოზიცია გაზისა და წყლის გაძვირებაზე კი არა, იმაზე უნდა აკეთებდეს აქცენტებს, რომ უამრავი ქონება იქნება გასაყიდი, რაც თავის დროზე არამართებულად გაიცა და ქალაქს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
„ჩვენ დღეს ხარკი უნდა გადავიხადოთ თქვენი უპასუხისმგებლობების გამო, ქალაქმა უნდა გადაიხადოს ფული. გაზის გაძვირებაზე და წყლის გაძვირებაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, უნდა საუბრობდეთ იმაზე, რომ უამრავი ქონება გამოსასყიდი იქნება და კომპენსაციები გვექნება გადასახდელი. მათ შორის, ქონებებზე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა და გასხვისდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, „აჭარის“ წინ ტერიტორია ვინ გაყიდა, გაიყიდა თუ არა თუ თქვენს დროს? თბილისის მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს ხარკი ამაში და საერთოდ, როგორ იღებთ ხმას რამეზე, – მიმართა სოხაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
სოხაძეს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა, რომლის თქმით, მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე თავად მუშაობდა „ცენტრ პოინტში“ და თუ კითხვები არსებობს, მას დაუსვან.
თბილისის მიწათსარგელობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. სხდომა ხმაურით დაიწყო.