თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განიხილება, ხმაურით დაიწყო.

სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციამ მედიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრება გაძვირდება.

„ჩვენმა კოლეგებმა ან შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან იცრუეს, რომ გენერალური გეგმის მიღების შედეგად თბილისში ცხოვრება გაძვირდება, რადგან წყლის და გაზის ფასი მოიმატებს. ყველანი მომსწრე ვართ დემაგოგიური განცხადებების, მაგრამ ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება და ყოვლად გაუგებარი თემა იყო. არაფრისგან თემის შექმნა, უხერხულია. ამ თემასთან დაკავშირებით გენგეგმაში რა ჩანაწერიც არსებობს, ეს ჩანაწერი 2009 წლის გენერალურ გეგმაშიც იყო. დოკუმენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ყველა რესურსი წყლის და გაზის დაზოგვისკენ იყოს მიმართული”,- განაცხადა საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ უპასუხა.

„როცა ხელისუფლებაში მოვედით არც წყალი იყო, არც გაზი, დენი გრაფიკით მიეწოდებოდა ქალაქს და აღნიშნული ჩანაწერი იყო, რადგან როგორღაც თბილისს ეს შეზღუდვები თავიდან აეცილებინა. იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, ჩვენთვის ამ ჩანაწერის დატოვება მიუღებელია, რადგან ეს შეიძლება გამოიყენოთ საფუძვლად, რომ საწარმოებს დაუწესოთ წყალზე და გაზზე ლიმიტები. თუ დღეს ეს საჭიროება აღარ არსებობს, აღნიშნული ჩანაწერი ამოვიღოთ”,- განაცხადა ნადირაძემ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებენ, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ. გაზრდილი გადასახადები კი, ოპოზიციის მოსაზრებით, საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება. მათი თქმით, ახალი რეგულაცია ყველაზე მძიმე ტვირთად პურის საცხობებს დააწვებათ და ამავე სიაში არიან ფარმაცევტული საწარმოებიც, რაც მათი შეფასებით, მედიკამენტების გაძვირებასაც ნიშნავს.

ოპოზიციის თქმით, აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, ბიზნესი შეავიწროვოს და უფრო მეტი თანხის გადახდა აიძულოს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქაალქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.