რეადმისიის საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
თუ მოქალაქეს არ აქვს კანონიერი უფლება იყოს შენგენის ტერიტორიაზე და მოხდება მისი დაკავება, მაშინ ის რეადმისიას ექვემდებარება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო ზედმიწევნით ასრულებს რეადმისიის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და 98% შემთხვევებში რეადმისიის განხოციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხდება.
„თუ მოქალაქეს არ აქვს კანონიერი უფლება იყოს შენგენის ტერიტორიაზე და მოხდება მისი დაკავება, მაშინ, როგორც იცით, ის ექვემდებარება რეადმისიას. ანუ საქართველოს აქვს უკვე აღებული ვალდებულება, რომ ასეთი ადამიანების უკან სამშობლოში დაბრუნება მოახდინოს. რეადმისიის ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და ესეც იყო აღნიშნული ევროკომისიის ანგარიშში. იქ ეწერა, რომ რეადმისიის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც ფიქრობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის საუკეთესო. ეს სწორედ ამას გულისხმობს, როცა ფიქსირდება დარღვევა და ქვეყანას ეძლევა რეადმისიის მოთხოვნა, 98% შემთხვევებში ამ რეადმისიის განხორციელება ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმიტომ, რომ რეადმისიის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ“, – აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თამარ ხულორდავას თქმით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს.
„აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დამრღვევების რაოდენობა უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან, ანუ 2017 წლის მარტიდან, წინა წლების 2015-2016 წლების სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებულია 15%-დან 10%-მდე. როგორც იცით, ევროპის კონკრეტული ქვეყანა დამრღვევ პირებს საკუთარი რეგულაციებიდან გამომდინარე, ხუთ წლამდე ვადით უკრძალავს ქვეყანაში შესვლას და ასევე შესაძლოა სამი ათას ევრომდე ჯარიმაც დააკისროს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ 1tv.ge-სთან ინტერვიუში.