ეროვნული ბანკი - თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა

თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„თებერვალში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 67%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 35.3%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად, 9.7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია და 24.5%-ს შეადგენს. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 47.0%-ით და 17.8%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 38.8%-ს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს, ასევე რუსეთი 22.8%-იანი წილით და აშშ 15.1%-იანი წილით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.