მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ
მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ

ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, საკითხის გადაჭრა სასწრაფოდ არის საჭირო, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან მომუშავე ავღანელებისა და მათი ოჯახების წევრების უსაფრთხოება დროულად იყოს უზუნველყოფილი.

მანამდე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ უკვე დაიწყეს მოქალაქეებისა და ავღანეთის საელჩოში მომუშავე ადგილობრივი თანამშრომლების ევაკუაცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეებისა და ავღანეთის სამოქალაქო აქტივისტების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება და მათ სპეცრეისით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ჩეხეთმა უკვე გაიყვანა ავღანეთიდან მოქალაქეები და მათთან მომუშავე ავღანელები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მუშაობენ ევროკავშირთან და ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყანასს მათი მოქალაქეების ქაბულიდან ევაკუაციაში.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ ალბანეთი და კოსოვო უკვე დათანხმდნენ ვაშინგტონის თხოვნას, რომ აშშ-ში გამგზავრების მსურველ ავღანელ ლტოლვილებს დროებით თავშესაფარს მისცემენ.