პანდემიისთვის მზადყოფნის შესახებ ბილ გეიტსი წლებია საუბრობს; 2015 წელს კონფერენცია TED-ზე მან ისაუბრა სიკვდილიანობის შემზარავ მაჩვენებლებზე, რისი გამოწვევაც ზოგადად, პანდემიებს შეუძლია.
მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ბილ გეიტსმა მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ვაქცინებზე მუშაობისათვის უკვე გაიღო 250 მილიონი დოლარი.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გამოჩნდა ფაქტორები, რომლებმაც საფუძველი მოუმზადა კონსპირაციულ თეორიათა ახალ ნაკადს, რომელთა მიხედვითაც, კორონავირუსის წარმომავლობის საწყისებთან ბილ გეიტსი დგას. შეთქმულების ეს თეორიები უსწრაფესად გავრცელდა ინტერნეტში, კონსპირაციების მოყვარულებსა და კონსერვატორ ექსპერტებს შორის.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
2015 წელს, კონფერენცია TED-ზე გამოსვლისას, გეიტსმა განიხილა ებოლას ეპიდემია, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში. მან გამოყო ფაქტორები, რომელთა გამოც დაავადება მთელ მსოფლიოში ვერ გავრცელდა და იქვე არ გამორიცხა იმის საშიშროება, რომ შეიძლება, რომელიმე უფრო გადამდებმა დაავადებამ მსოფლიო პანდემია გამოიწვიოს.
„მოუმზადებლობის გამო, შემდეგი ეპიდემია შეიძლება გაცილებით დრამატულად გამანადგურებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ებოლა. შეიძლება გამოჩნდეს ვირუსი, ინფიცირებულ ადამიანებს არაფერი ეტყობოდეთ და ამ დროს იყვნენ გადამდები, მოგზაურობდნენ თვითმფრინავით, დადიოდნენ მარკეტში“, — აღნიშნა გეიტსმა.
ზუსტად ასე მოხდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში — სიმპტომები ხშირად ერთი კვირაც კი არ ჩნდება.
New York Times-ის მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ კონსპირაციული თეორიის მიმდევრებმა ბილ გეიტსის კორონავირუსთან დაკავშირება იანვარში დაიწყეს, ულტრამემარჯვენე კონსპირაციულ თეორია QAnon-თან დაკავშირებული პირის მიერ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც მისი ავტორი ამბობს, რომ გეიტსმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, კონსპირაციული თეორიების მიმდევარ ალექს ჯონსის კუთვნილმა ვებგვერდმა Infowars-მა, რომელიც აცხადებს, რომ 2012 წელს სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დადგმულია — გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია დეზინფორმაცია, თითქოს ბილ გეიტსის ფონდი Gates Foundation-ი 2019 წლის ბოლოს სცდიდა კორონავირუსის გლობალური პანდემიის სიმულაციას.
FactCheck.org-ის მოკვლევის მიხედვით, სინამდვილეში ეს იყო სავარჯიშო (სახელად „Event 201“), რომელიც ოქტომბერში ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრში ჩატარდა და რომელშიც Gates Foundation-იც მონაწილეობდა. ღონისძიება ფოკუსირებული იყო „ძალიან მკაცრი პანდემიისადმი“ გადაუდებელ მზადყოფნაზე. თუმცა, ღონისძიებაზე არაფერი თქმულა ახალ კორონავირუსზე ან რეალურ ცხოვრებაში სიკვდილიანობის რაიმე მაჩვენებლებზე.
მიუხედავად ამისა, ამ ფაქტებს კონსპირაციონისტები უგულებელყოფენ.
კონსპირაციულმა თეორიებმა ბილ გეიტსისა კორონავირუსის კავშირის შესახებ სწრაფად მოიცვა სოციალური მედია და ტელევიზიები. მათ ძირითადად ავრცელებენ ულტრამემარჯვენე კონსპირაციონისტები, მაგალითად, ალექს ჯონსი და Fox News-ის წამყვანი ლორა ინგრაჰამი. „ამერიკელების ყოველი მოძრაობის ციფრულად კონტროლირება გლობალისტების დიდი ხნის ოცნება იყო. ჯანდაცვის ეს კრიზისი ამის ბრწყინვალე საშუალებაა“, — წერდა ინგრაჰამი აპრილში ტვიტერზე.
ეს კომენტარი თან ერთვოდა სხვა ტვიტს, რომელზე მიმაგრებული იყო კონსპირაციონისტთა ვებგვერდის სტატია ბილ გეიტსის შესახებ სტატიაშიც. მასალაში ციტირებული იყო გეიტსის კომენტარი, რომელიც წლის დასაწყისში მან Reddit AMA-ს მისცა. გეიტსი საუბრობს ჰიპოთეტურ „ციფრულ სერტიფიკატზე“, რომელიც კორონავირუსით ვაქცინირებულ ადამიანებს შეიძლება გადაეცეთ.
სტატიის მიხედვით, „COVID-19-ის ამოსაძირკვად მიმართული გარდაუვალი მასობრივი ვაქცინაციის კამპანია ბრწყინვალე საშუალება იქნება მსოფლიო ციფრული ID-ის შემოსაღებად. ეს სისტემა შეინახავს ინფორმაციას თითოეული ადამიანის შესახებ (მათ შორის ვაქცინაციის ისტორიას) და გამოიყენებენ უფლებებსა და სერვისებზე წვდომის მიცემისთვის“.
სტატიაში მიდის უსაფუძვლო მტკიცება, რომ ბილ გეიტსი, მსოფლიოს სხვა მდიდარ ადამიანებთან ერთად, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო კასტურ სისტემაზე დაფუძნებული ციფრული ID-ის ინსტალაციისთვის იყენებს.
ტვიტერზე ლორა ინგრაჰამის მიმდევრებმა პოსტი აიტაცეს.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი, რომელსაც წლის დასაწყისში ფედერალურმა მოსამართლემ ყალბი განცხადებებისა და ცრუ ჩვენებებისთვის 40-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, New York Post-ის ცნობით, რადიოინტერვიუში ინგრაჰამზე უფრო პირდაპირი იყო.
„მსჯელობის საგანია, ითამაშა თუ არა ბილ გეიტსმა როლი ვირუსის შექმნასა და გავრცელებაში. ჩემი კონსერვატორი მეგობრების ნაწილი ამ აზრს ეთანხმება, ნაწილი არა“, — აღნიშნა სტოუნმა.
„ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ საშუალებით, ბილ გეიტსი საკუთარი ქონებიდან მთელ მსოფლიოში მილიარდებს ხარჯავს გადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში. ცოლ-ქმარმა მილიონები დახარჯა შიდსის, მალარიისა და პოლიოს პრევენცია-მკურნალობაში.
მილიარდერ უორენ ბაფეტთან ერთად, გეიტსმა ასევე წამოიწყო The Giving Pledge, კამპანია მილიარდერებს შორის, რომლის მიზანიც არის თანხების მობილიზება ფილანტროპული საქმიანობისთვის.
გეიტსი მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპის ფედერალურ პასუხს კორონავირუსისადმი.
„მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა ზუსტად ისეთივე სახიფათოა, როგორც ეს ჟღერს. მათი ძალისხმევა COVID-19-ის გავრცელების შენელებისკენ არის მიმართული და თუ ეს ძალისხმევა შეწყდება, ამ საქმის გაკეთებას ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს“, — დაწერა გეიტსმა 15 აპრილს ტვიტერზე.
კონსპირაციული თეორიების შესახებ კითხვებს გეიტსმა უპასუხა ჩინეთის ტელევიზია GCTN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„უბრალოდ ირონიაა, როდესაც პანდემიის გავრცელებაში ადანაშაულებ ადამიანს, რომელიც, ჩემ შემთხვევაში მილიარდებს ხარჯავს, რათა მსოფლიო მზად იყოს ინფექციურ დაავადებათათვის საჭირო ყველანაირი ხელსაწყოთი, ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მთელ მსოფლიოში გადაიჭრას ინფექციური დაავადებების პრობლემა. თუმცა, ჩვენ ახლა შეშლილ მდგომარეობაში ვართ და შესაბამისად, შეშლილი ჭორებიც მრავლად ვრცელდება“, — აღნიშნა ბილ გეიტსმა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.