რატომ ვრცელდება კონსპირაციული თეორიები ინტერნეტში წარმოუდგენლად სწრაფად - ახალი კვლევა
რატომ ვრცელდება კონსპირაციული თეორიები ინტერნეტში წარმოუდგენლად სწრაფად - ახალი კვლევა

ინტერნეტის გავრცელებისა და სოციალური მედიის განვითარების კვალდაკვალ, კონსპირაციულმა თეორიებმა ისე გაიდგა ფესვი, როგორც არასდროს. საინტერესოა, როგორ ვრცელდება ასე სწრაფად ეს თეორიები?

ახალი კვლევის მიხედვით, პასუხი იმაზე რთულია, ვიდრე შეიძლება წარმოგედგინათ.

შორს წასულ, არადამაჯერებელ იდეებს ცხოვრების, სამყაროს და სხვა მრავალი საკითხის შესახებ, პროპაგანდისტთა მხოლოდ მცირე ჯგუფი როდი ავრცელებს.

სინამდვილეში კონსპირაციული თეორიები სწრაფად იმიტომ ვრცელდება, რომ მრავალი სხვადასხვა ეროვნებისა თუ რწმენის ადამიანს მთელ მსოფლიოში, გულუბრყვილოდ სჯერა მათი.

აღნიშნულ დასკვნამდე მკვლევრები 2007-2015 წლებში Reddit-ზე დატოვებული 1,7 მილიარდი კომენტარისა და მათან დაკავშირებული მეტამონაცემების კვლევისას მივიდნენ.

მონაცემები შეიცავდა 130 000 სხვადასხვა ადამიანის მიერ დატოვებულ დაახლოებით 2,5 მილიონ კომენტარს კონსპირაციის შესახებ.

„ზოგადად მიჩნეულია, რომ კონსპირაციის მიმდევრები არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან ნებისმიერ კონსპირაციას ნებისმიერ თემაზე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ შორის არ არიან მხოლოდ შეშლილი და უნდობი ადამიანები. დავადგინეთ, რომ მათში ასეთი ადამიანებიც არიან, მაგრამ ისინი გაცილებით დიდი აისბერგის წვერზე არიან მოქცეული“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი კოლინ კლაინი.

დამოწმებისთვის, მკვლევართა მიერ შესწავლილი პოსტების ავტორთა მრავალფეროვნება ამტკიცებს, რომ კონსპირაციული თეორიების გავრცელების უკან მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი არ დგას.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, სინამდვილეში კონსპირაციები ყველაზე ხშირად მაშინ ფეთქდება, როცა მის გავრცელებაში მრავალი სხვადასხვა ადამიანი თუ ჯგუფია ჩართული.

როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ხშირად ღიად ეგებება კონსპირაციებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში ჯდება. კონსპირაციის თეორიის მიმდევარი მხოლოდ ის ადამიანი როდია, ვისაც უბრალოდ სჯერა ამ თეორიების, ამბობენ მკვლევრები. საქმე გაცილებით რთულადაა.

„ყველაზე წარმატებული კონსპირაციები აღმოჩნდა ისინი, რომლებიც ყველას ასე თუ ისე ესმოდა. ყოველი მათგანი იღებდა იმას, რას სჭირდებოდა და შესაბამისად, მის გავრცელებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდა“, — განმარტავს კლაინი.

მას მაგალითად მოჰყავს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ციხის კონსპირაცია — თეორია, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს 11 სექტემბრის ტერაქტით დაინტერესებულ ხალხს, ასევე ანტისემიტისტებსა და იარაღის კონტროლით დაინტერესებულებს. იგი კარგად ერგება რამდენიმე პუნქტს და შესაბამისად, წარმატებასაც მიაღწია.

ამ კონსპირაციის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლება მისთვის მიუღებელ გარკვეულ მოქალაქეებს საკონცენტრაციო ბანაკებში ამწყვდევს.

ქვედა ხაზი გადის ადამიანებზე, რომლებსაც აუცილებელი არ არის სჯეროდეთ იმ კონსპირაციების, რომლებსაც ავრცელებენ — ისინი მათ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებენ.

„ეს გახლავთ რაღაცისადმი ანტიპათიის გამოხატულების გზა, მაგალითად, პოლიტიკოსის ან რომელიმე ჯგუფის. ძალიან საინტერესო შემთხვევაა პიცაგეიტის თეორია, რომელიც ჰილარი კლინტონისადმი ანტიპათიით განწყობილმა ადამიანებმა დატროლვით დაიწყეს, მაგრამ სხვებმა ის სერიოზულად მიიღეს და კონსპირაციაც ვირუსულად მოედო“, — ამბობს კლაინი.

პიცაგეიტის თეორია — საპრეზიდენტო კამპანიის დროს გავრცელებული ყველაზე პოპულარული ყალბი ცნობების მიხედვით, ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის უფროსის პირადი იმეილები, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა, შეიცავდა დაშიფრულ ინფორმაციას არასრულწლოვნების ტრეფიკინგში კლინტონის კამპანიის წევრების მონაწილეობის შესახებ; ამ ცნობების მიხედვით, ვაშინგტონის რამდენიმე რესტორანი, მათ შორის, ერთ-ერთი პოპულარული პიცის რესტორანი ამ კრიმინალურ ქსელში იყო ჩართული.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? მრავალი კვლევა მიუთითებს კონსპირაციული თეორიებიდან მომდინარე საფრთხეზე და როგორც ჩანს, ეს საფრთხე იზრდება. იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მხოლოდ ერთი ადამიანის სხეულის დაზიანებაში, მაგალითად, რაც ბრტყელი დედამიწის საზოგადოების ხელმძღვანელს დაემართა რაკეტის ჩამოვარდნისას, ისე ზიანი მიადგეს მილიონობით ადამიანს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს.

თუკი მკვლევრები უკეთესად გაარკვევენ, როგორ ვრცელდება კონსპირაციული თეორიები და რატომ იზიდავს ისინი ხალხს, შეგვეძლება ამ მცდარ მოსაზრებებს უკეთესად შევეწინააღმდეგოთ სამეცნიერო ფაქტებით.

საბოლოო ჯამში, Reddit-ის მონაცემების კვლევის შემდეგ, მცნიერებმა დაასკვნეს, რომ კონსპირაციულ თეორიებთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი რწმენათა სისტემა კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ვეძიოთ ის გზავნილები, რომლებიც მათგან მოდის.

„კონსპირაციული ნარატივები თითქმის ყველაფრს მოიცავს. ადამიანთა ფართო ჯგუფს ერთმანთთან შეიძლება ძალიან ცოტა ჰქონდეს საერთო, მაგრამ ამ დიდ აბდაუბდა თეორიაში ისინი ადვილად პოულობენ მათთვის საინტერესო მონაკვეთს“, — წერია კვლევაში.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია frontiersin.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით