რას ნიშნავს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის გათიშვა — #1tvმეცნიერება
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და ჩერნობილის აკრძალული ზონის სხვა ობიექტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსი სამხედროები მწყობრიდან გამოსულ ბირთვულ ობიექტს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში დაესხნენ თავს, მძიმე ბრძოლის შემდეგ აიღეს და დაატყვევეს სადგურის დაახლოებით 210 თანამშრომელი. ახლა, როდესაც სადგური მთლიანად გათიშულია ელექტროსისტემიდან, სადგურის გაციების ავზში არსებული დაახლოებით 20 000 ერთეული გახარჯული ბირთვული საწვავი გაგრილებას ვეღარ მიიღებს.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ამან შეიძლება გაზარდოს აორთქლებისა და ბირთვული მასალის გაჟონვის ალბათობა, რამაც შესაძლოა, სადგურის პერსონალი რადიოაქტიური მასალის სახიფათო დოზით დაასხივოს. თუმცა, ზოგიერთი ბირთვული ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ვინაიდან გახარჯული საწვავის ნარჩენები ახლა უკვე 22 წლისაა და შესაბამისად, გაცილებით გაციებულია, ასეთი მოვლენა ნაკლებად არის სავარაუდო.
„გახარჯული საწვავის ნარჩენები სულ მცირე 22 წლისაა. მათ ძალიან ცოტა სითბო აქვთ, რომ გამოყონ. სხვა ექსპერტებსაც ვესაუბრე და ნარჩენების სითბო იმდენად დაბალია, რომ კვირები ან თვეები დასჭირდება, რათა წყალი ისე გააცხელოს, რომ ავზიდან აორთქლდეს. ამ შემთხვევაშიც კი, საკმარისი უნდა იყოს ჰაერის ბუნებრივი ცირკულირება“, — ამბობს Radiant Energy Fund-ის მმართველი დირექტორი მარკ ნელსონი.
უკრაინის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სპეციალური სახელმწიფო სამსახური (SSSCIP) ელექტროენერგიის გათიშვაში რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჩერნობილის სადგურის დიზელის გენერატორებს 48 საათის მარაგი აქვთ და მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა ელექტრომომარაგება აღდგეს.
ჩერნობილის სადგურის პერსონალის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA). უკვე ორი კვირაა, პერსონალი რუსების მძევლობაში იმყოფება. როგორც წესი, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, პერსონალი სადგურს ტოვებდა, მაგრამ ახლა იძულებულები არიან, უშუალოდ იქ იცხოვრონ.
8 მარტს, ჩერნობილის რადიოაქტიური ნარჩენების ობიექტის მონიტორინგის სისტემამ გაეროსთვის მონაცემების გადაცემა შეწყვიტა. შედეგად, IAEA-ს არ აქვს ინფორმაცია, სად არის ახლა სადგურის ბირთვული მასალები, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ისინი არასწორ ხელში მოხვდეს.
„დაკარგულია უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის მონაცემთა გადაცემის დისტანციური სისტემა, რომელიც ჩერნობილზე დავამონტაჟეთ. პერსონალს შეზღუდული აქვს წვდომა საკვებზე, წყალზე და სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მათ მდგომარეობას აუარესებს“, — წერს განცხადებაში IAEA.
ობიექტის პერსონალის მოვალეობაა მისი ექსპლუატაციის შეწყვეტა და გაუქმებულ რეაქტორებში რადიოაქტიური მასალების უსაფრთხო განკარგვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სადგური რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, სამუშაოები შეჩერდა. ელექტროენერგიის გათიშვამდე, პერსონალთან კონტაქტი მხოლოდ ელექტრონული ფოსტით იყო შესაძლებელი.
„ღრმად შეშფოთებული ვარ იმ რთული და სტრესული სიტუაციის გამო, რომელშიც ახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი იმყოფება; შემაშფოთებელია ის პოტენციური რისკები, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, — ამბობს განცხადებაში IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.
უკრაინაში ამჟამად 15 ატომური რეაქტორი მოქმედებს,მათ შორის არის ქალაქ ზაპორიჟიას ორი რეაქტორი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა წინა კვირაში დაიკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნობილშიც და ზაპორიჟიაშიც რადიაცია ნორმალურ დონეზეა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.