რამდენად კარგად იცნობთ ირმის ნახტომს - საინტერესო ფაქტები მშობლიური გალაქტიკის შესახებ
რამდენად კარგად იცნობთ ირმის ნახტომს - საინტერესო ფაქტები მშობლიური გალაქტიკის შესახებ

რა ვიცით გალაქტიკის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ქალაქსა თუ სოფელს შესანიშნავად ვიცნობთ, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, ყველა დეტალი ვიცოდეთ ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის შესახებ.

კოსმოსი გასაოცარია. სავსეა ვარსკვლავებით, სუპერნოვებით, ნისლეულებით, ბნელი ენერგიითა და მატერიით, მაგრამ ამავე დროს, სავსეა მისტიკური თავისებურებებით.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჩვენი გალაქტიკის შესახებ


ირმის ნახტომი ჩვენი სახლია სამყაროში. იგი სპირალის ფორმისაა. ცენტრალური დისკოდან გამომავალ ოთხ ძირითად მკლავში ჩამოყალიბდა ასობით მილიარდი ვარსკვლავი. მათ შორის ჩვენი მზეც.

ჩვენი გალაქტიკის ცენტრი დედამიწიდან 26 000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და სულ მცირე ერთ სუპერმასიურ შავ ხვრელს (მშვილდოსანი A*) შეიცავს. ირმის ნახტომმა ჩამოყალიბება 13 მილიარდი წლის წინ დაიწყო და ერთ-ერთია ე. წ. ადგილობრივი ჯგუფის 50 გალაქტიკას შორის. ჩვენი მეზობელი გალაქტიკა ანდრომედაც ამ ჯგუფის ნაწილია სხვა პატარა გალაქტიკებთან ერთად. მათ შორისაა მაგელანის ღრუბლებიც. ადგილობრივი ჯგუფი გალაქტიკათა უდიდესი შეჯგუფების ნაწილია, რომელსაც ქალწულის სუპერგროვას უწოდებენ.

ჩვენს გალაქტიკას ყველა ენაში სხვადასხვა სახელი აქვს. მაგალითად, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებში მას რძიანი გზა ჰქია, ქართულად კი ირმის ნახტომი. ირმის ნახტომის არარეგულარული მანათობელი ხაზის დანახვა, რომელიც ცაზეა გადაჭიმული და ვარსკვალებისა და გაზის ღრუბლებისგან შედგება, დედამიწიდან შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაც ირმის ნახტომის ნაწილია, მეცნიერებს ჩვენი გალაქტიკის ბუნების შესახებ სრული წარმოდგენა მაინც არ აქვთ.

ვარსკვლავთშორისი მტვრის სქელი ფენა გალაქტიკის დიდ ნაწილს ფარავს, ამიტომ ასტრონომები ფარტომასშტაბიანი კვლევებისთვის რადიო და ინფრაწითელ ტელესკოპებს იყენებენ. მათ შეუძლიათ რადიაციული ფორმები აღმოაჩინონ, რომლებიც ბნელ მატერიაში აღწევენ.

ზოგადი ცნობები ირმის ნახტომის შესახებ

  • ტიპი: შემოსაზღვრული სპირალური;
  • დიამეტრი: 100 000 – 180 000 სინათლის წელი;
  • მანძილი გალაქტიკის ცენტრამდე: 27 000 სინათლის წელი;
  • ასაკი: 13,6 მილიარდი წელი;
  • ვარსკვლავების რაოდენობა: 100 – 400 000 მილიარდი;
  • თანავარსკვლავედი (დედამიწიდან): მშვილდოსანი;
  • ჯგუფი: ადგილობრივი ჯგუფი.

ჩვენი გალაქტიკა საშუალოდ 100 000 სინათლის წლის სიგანისაა, ხოლო სისქე მხოლოდ 1000 სინათლის წელს აღწევს. ამ ბრტყელი დისკოს შიგნით, მზე და მისი პლანეტები ჩართულია გაზისა და მტვრის უჯრედში, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლის მანძილზეა განლაგებული.

ვინ აღმოაჩინა ირმის ნახტომი?


არავინ იცის, ვინ აღმოაჩინა პირველად ირმის ნახტომი, მაგრამ ვიცით, რომ გალილეო გალილეიმ 1610 წელს ჩვენი გალაქტიკის სინათლის ხაზი ინდივიდუალურ ვარსკვლავებად სცნო. ეს იყო პირველი რეალური მცდელობა, როდესაც ასტრონომმა თავისი პირველი ტელესკოპი ცისკენ მიმართა და დაინახა, რომ ირმის ნახტომი აურაცხელი ვარსკვლავით იყო სავსე.

მტკიცებულებები მეოცე საუკუნეში


1920-იან წლებში ცნობილმა ასტრონომმა, ედუინ ჰაბლმა დამაჯერებელი მტკიცებულება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სპირალური ნისლეული ცაში, რეალურად მთელ გალაქტიკას მოიცავდა. ეს ასტრონომებს ირმის ნახტომის ნამდვილი ფორმისა და ბუნების შესწავლაში დაეხმარა. აგრეთვე დიდი დახმარება გაუწია სამყაროს რეალური ზომისა და მასშტაბის განსაზღვრაში.

რამდენი ვარსკვლავია?


დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი ვარსკვლავია ირმის ნახტომში. ვარსკვლავების დათვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა, ასტრონომები ვარსკვლავთა რაოდენობის დადგენის საუკეთესო ფორმაზე მსჯელობენ. მათი ტელესკოპები ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ხედავენ. ბევრი მათგანი კოსმოსურ მტვერსა და გაზში იმალება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპმა „გაიამ“ ჩვენს გალაქტიკაში ერთი მილიარდი ვარსკვლავის რუკა შეადგინა. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების მხოლოდ 1%-ს. ასე რომ შესაძლოა, ირმის ნახტომში ასობით მილიარდი ვარსკვლავი იყოს.

გალაქტიკური წელი


რა არის გალაქტიკური ან კოსმოსური წელი? ფაქტობრივად, ეს არის დროის პერიოდი, რომელიც მზის სისტემას სჭირდება, რომ ჩვენი გალაქტიკის გარშემო, ირმის ნახტომის ორბიტაზე შემოიაროს. ერთი გალაქტიკური წელი დაახლოებით 225 მილიონ წელს უდრის.

ყველაზე მნიშვნელოვანი


ირმის ნახტომი საკმაოდ ტიპური გალაქტიკაა. ზოგადად, სპირალური გალაქტიკები უფრო დიდია, ვიდრე სხვა ტიპის გალქტიკები, მაგრამ ირმის ნახტომი მხოლოდ დიდი გალაქტიკა როდია — რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან შეძლო სიცოცხლის აღმოცენება და შენარჩუნება. ამ მომენტისთვის, ის ერთადერთი ადგილია სამყაროში, სადაც სიცოცხლეა აღმოჩენილი.

შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში

გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A *, მზეზე 4 მილიონჯერ მეტს იწონის. იგი პირდაპირ არასდროს გვინახავს, რადგან დამალულია მტვრისა და გაზის ღრუბლებს მიღმა. ითვლება, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ბირთვების უმრავლესობაშია განთავსებული. ზოგიერთი მათგანი ახლომდებარე მატერიით ისე ხარბად იკვებება, რომ ხილულ რადიაციას ძლიერი ნაკადით ისვრიან მილიონობით სინათლის წლის მანძილზე.

ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის ფოტო


ასტრონომები ცდილობენ ირმის ნახტომის გიგანტ შავ ხვრელს ფოტო გადაუღონ. ბოლო წლებში მეცნიერები რამდენიმე რადიო ტელესკოპით დაკვირვებით ცდილობენ შავი ხვრელის ირგვლივ არსებული გარემოს შესწავლას, რომელიც სავსეა მის გარშემო მოძრავი მტვრითა და გაზით. პროექტი, სახელწოდებით „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი“ იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში შავი ხვრელის წინასწარი გამოსახულება ექნება.

ვარსკვლავთშორისი მტვერი ჩვენს ხედვას ხელს უშლის

მტვერი ბლოკავს ჩვენს ხედვას ირმის ნახტომის შორეული ნაწილებისკენ, რომლებიც მტვრის უზარმაზარი სვეტების მიღმა მდებარეობს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ასტრონომები ზოგჯერ იყენებენ რადიო და ინფრაწითელ ტელესკოპებს. შედეგად, მცირდება მტვრის ეფექტი.

გარშემორტყმული ვართ ბნელი ჰალოთი


ჩვენი გალაქტიკა ბნელი მატერიის ჯგუფში მდებარეობს, რომელიც ბევრად უფრო დიდია და მასიურია, ვიდრე თავად გალაქტიკა. 1960-იანი წლების ბოლოს, ასტრონომმა ვერა რუბინმა დაასკვნა, რომ გალაქტიკების გარშემო უხილავი ჰალოები არსებობს. ანდრომედას ზღვართან ახლოს მდებარე ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრიდან კოსმოსისკენ დიდი სისწრაფით არის გამოტყორცნილი, მაგრამ მათ გალაქტიკა ვერ დატოვეს, რადგან შეაკავა ძალამ, რომელსაც ბნელი მატერია ეწოდება.

გალაქტიკა სავსეა ტოქსიკური ცხიმით


ზეთოვანი ორგანული მოლეკულები, ცნობილი როგორც ალიფატური ნახშირბადის ნაერთები, გარკვეული ტიპის ვარსკვლავებში წარმოიქმნებიან და გადიან ვარსკვლავთშორის სივრცეში. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ცხიმისმაგვარი ნივთიერებები შეიძლება წარმოადგენდნენ ირმის ნახტომის ვარსკვლავთშორისი ნახშირბადის ერთ მეოთხედ ნაწილს ან ნახევარს. ანუ, 5-ჯერ მეტს, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ. ეს აღმოჩენა სასიხარულოა, რადგან ნახშირბადი ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავურ სისიტემაშიც არსებობდეს სიცოცხლე.

მეზობელი გალაქტიკები


მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრები არიან. ისინი ცალკეული სისტემებია, რომლებიც ერთმანეთისგან 100 000 სინათლის წლით არიან დაშორებული. ჩვენი გალაქტიკის სიახლოვეს სხვა მცირე ზომის გალაქტიკებიც არსებობს, მაგალითად მშვილდოსნის ჯუჯა. ეს გალაქტიკები ირმის ნახტომის თანამგზავრებია, ანუ ისინი ირმის ნახტომს ტყვედ ჰყავს აყვანილი საკუთარი გრავიტაციის ძალით.

მოპარული ვარსკვლავები

ზოგჯერ გალაქტიკები ვარსკვლავებს ერთმანეთში ცვლიან. მკვლევრებმა იპოვეს ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის ზემოქმედების შედეგად, დაუჯერებლად მაღალი სიჩქარით მოძრაობენ გალაქტიკის კიდეებისკენ. არსებობს პირიქით, უცხო ვარსკვლავებიც. ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ასტრონომის, ტომასო მარჩეტის განცხადებით, შესაძლოა, ეს ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდან არიან მოსული.

იდუმალი ბუშტები

2010 წელს, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა გიგანტური სტრუქტურები, რომლებიც გალაქტიკის ზედა და ქვედა მხარეს, 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობდნენ. მათ ფერმის ბუშტები უწოდეს იმ ტელესკოპის პატივსაცემად, რომლითაც აღმოაჩინეს. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბუშტები 6-9 მილიონი წლის წინ მომხდარი ენერგეტიკული მოვლენების შედეგია, როდესაც გალაქტიკის ცენტრში მდებარე გიგანტურმა შავმა ხვრელმა დიდი რაოდენობით კოსმოსური გაზი და მტვერი შთანთქა.

ირმის ნახტომის დასასრულის დასაწყისი


ირმის ნახტომი სხვა გალაქტიკას მოსალოდნელზე ადრე შეეჯახება. ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი გალაქტიკისა და მაგელანის დიდი ღრუბლების (ირმის ნახტომიდან 163 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე) შეჯახება, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე მეზობელ ანდრომედასთან. პირველი მომაკვდინებელი შეჯახება 2,5 მილიარდი წლის შემდეგ იქნება, მეორე, ანდრომედასთან კი 4,5 მილიარდი წლის შემდეგ.

დატოვე კომენტარი