ირმის ნახტომში სიცოცხლე შესაძლოა, ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე ვრცელდება - ახალი კვლევა
ირმის ნახტომში სიცოცხლე შესაძლოა, ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე ვრცელდება - ახალი კვლევა

თითქმის ორი საუკუნეა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთელ სამყაროში სიცოცხლე შესაძლოა, მეტეორიდების, ასტეროიდების, პლანეტოიდებისა და სხვა ასტრონომიული ობიექტების საშუალებით ვრცელდება.

ამ თეორიას პანსპერმია ეწოდება და ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც, მიკროორგანიზმებსა და სიცოცხლის ქიმიურ წინამორბედებს აქვთ უნარი, გადარჩნენ ერთი ვარსკვლავური სისტემიდან მეორეში გადაადგილებისას.

ამ თეორიის გასავრცობად, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეეცადნენ გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა პანსპერმია გალაქტიკური მასშტაბით.

მათ შექმნეს მოდელი, რომლის საფუძველზეც მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტების გაცვლა-გამოცვლა შესაძლებელია მთლიანი ირმის ნახტომის (და სხვა გალატიკების) მასშტაბით.

როგორც კვლევაში აღნიშნულია, პანსპერმიის წინა კვლევათა უმეტესობა ფოკუსირებული იყო იმის გარკვევაზე, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის გავრცელება მზის სისტემის ან ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემების მასშტაბით.

კერძოდ, ეს კვლევები ცდილობდა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის გადატანა დედამიწასა და მარსს შორის (ან მზის სისტემის სხვა სხეულებს) ასტეროიდების ან მეტეორიტების საშუალებით.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევარმა იდან გინსბურგმა და მისმა კოლეგებმა პანსპერმია უფრო ვრცელ, ირმის ნახტომისა და მის მიღმა არსებული სივრცის მასშტაბებში შეისწავლეს.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, აბრაამ ლოებმა გამოცემა Universe Today-ს განუცხადა, მათი კვლევის შთაგონების წყარო მზის სისტემის პირველი ვარსკვლავთშორისი სტუმარი, ასტეროიდი ოუმუამუა გახდა.

ლოებმა და კიდევ ერთმა მკვლევარმა, მანსავი ლინგემმა კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ ოუმუამუას მსგავსი ვარსკვლავთშორისი ობიექტები შეიძლება დაიჭიროს იუპიტერისა და მზის გრავიტაციამ. მათი თქმით, მზის სისტემა გრავიტაციული „სათევზაო ბადის“ მსგავსად მოქმედებს, რომელიც ნებისმიერ მოცემულ დროს ათასობით ვარსკვლავთშორის ობიექტს შეიცავს.

ლოების თქმით, ამ ვარსკვლავთშორის ობიექტებს პოტენციურად შესაძლებელია, სიცოცხლე სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ჰქონდეთ მოტანილი. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ გაცილებით უფრო დიდია ორმაგი ვარსკვლავური სისტემების სათევზაო ბადეების ეფექტიანობა. მათ შორის არის ჩვენი მეზობელი ალფა კენტავრი A და ალფა კენტავრი B, რომლებსაც დედამიწის ზომის ობიექტების დაჭერაც უნდა შეეძლოთ.

იდან გინსბურგის განცხადებით, მშობლიური სისტემიდან შესაძლებელია როგორც კლდოვანი, ისე ყინულოვანი ობიექტების გამოგდება. ამის შემდეგ, მათ პოტენციურად შეუძლიათ ათასობით სინათლის წლის მანძილზე გადაადგილება. ირმის ნახტომის ცენტრს შეუძლია იმოქმედოს მძლავრი ძრავის მსგავსად, რომელიც მთელ გალაქტიკას „თესავს“.

აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოების, გინსბურგისა და გარი ვეგნერის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევას, რომელშიც მათ ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ირმის ნახტომის ცენტრი იყოს ინსტრუმენტი, რომელიც ბინარული (ორმაგი) სისტემებიდან ვარსკვლავებს ჰიპერსიჩქარით სტყორცნის. ასე ამოგლეჯილ ვარსკვლავებს შემდეგ სხვა სისტემები უნდა იჭერდეს.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაიანგარიშეს, ერთი სისტემიდან გამოგდებული რამდენი კლდოვანი ობიექტის დაჭერა შეუძლია სხვა სისტემას, მთელი ირმის ნახტომის მასშტაბით. როგორც მათ დაადგინეს, თუკი სიცოცხლეს მილიონობით წლის მანძილზე შეუძლია გადარჩენა, უნდა არსებობდეს ოუმუამუას მსგავსი დაახლოებით მილიონი ობიექტი, რომელიც სხვა სისტემის მიერ არის დაჭერილი და ვარსკვლავებს შორის სიცოცხლის გადატანა შეუძლია. გამომდინარე აქედან, როგორც ლოები აღნიშნავს, პანსპერმია სულაც არ არის შეზღუდული მზის სისტემის ზომის მასშტაბებში და ბიოტური კომპონენტების გაცვლა-გამოცვლა პოტენციურად შესაძლებელია მთელი ირმის ნახტომის მასშტაბით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკური პანსპერმია რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

პირველი — პლანეტური სისტემებიდან გამოტყორცნილი ობიექტების დაჭერის მაჩვენებელი დამოკიდებულია სიჩქარის დისპერსიასა და ზომაზე.

მეორე — ერთი სისტემიდან მეორეში სიცოცხლის გადატანის ალბათობა ძლიერ არის დამოკიდებული ორგანიზმების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

მაგრამ საბოლოოდ, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე უარეს შემთხვევებშიც კი, ბიოტური კომპონენტების გაცვლა-გამოცვლა შესაძლებელია მთელი ირმის ნახტომის მასშტაბით, ძალიან დიდ მანძილებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ პანსპერმია შესაძლებელია არა მხოლოდ გალაქტიკურ მასშტაბში, არამედ გალაქტიკებს შორისაც კი.

2014 წელს ჩატარებულ კვლევაში, აბრაჰამ ლოებმა და მისმა კოლეგამ, ჯეიმს გილოჩონმა შეისწავლეს ჰიპერჩქარი ვარსკვლავები, ანუ ის ვარსკვლავები, რომლებიც ორი გალაქტიკის ერთმანეთთან შეჯახების დროს, გალაქტიკიდან წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით გაიტყორცნებიან.

როგორც მათ დაადგინეს, გალაქტიკათშორის სივრცეში დაახლოებით ტრილიონი ასეთი ჰიპერჩქარი ვარსკვლავია, რომლებსაც შესაძლოა, თან მიჰქონდეთ თავიანთ პლანეტური სისტემები.

ამ სისტემებს კი შესაძლოა, ერთი გალაქტიკიდან მეორეში სიცოცხლის გადატანა შეეძლოთ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთ მათგანზე მოწინავე ცივილიზაციაც ყვაოდეს.

გამომდინარე აქედან, ერთ მშვენიერ დღესაც, შესაძლოა ვიპოვოთ სიცოცხლე მზის სისტემის მიღმა, რომელიც გარკვეულწილად გვგავდეს, სულ მცირე, გენეტიკურ დონეზე მაინც. ვინ იცის, იქნებ წავაწყდეთ მოწინავე ცივილიზაციასაც, რომელიც ჩვენი ძალიან შორეული ნათესავი გამოდგეს.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.