ირმის ნახტომში მოხეტიალე ვარსკვლავთა იდუმალი ჯგუფი დაჰქრის, რომელიც საკმაოდ უცნაურად იქცევა
ირმის ნახტომში მოხეტიალე ვარსკვლავთა იდუმალი ჯგუფი დაჰქრის, რომელიც საკმაოდ უცნაურად იქცევა

ირმის ნახტომს სასტიკი და ძალადობრივი წარსული აქვს. იმ პერიოდებში, როცა ის სხვა გალაქტიკას არ ყლაპავდა, მეზობელ გალაქტიკებთან დაუსრულებელ გრავიტაციულ ომებში იყო ჩაბმული და ყოველთვის როდი იმარჯვებდა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი შეტაკება კოსმოსური ჭრილობით დასრულდა, რომელიც დღეს, 300 მილიონი წლის შემდეგაც კი არ მოშუშებულა.


მკვლევართა თქმით, ამ ჭრილობის ხილვა შესაძლებელია რამდენიმე მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარ ჯგუფში, რომელიც წესისამებრ არ იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ირმის ნახტომის გალაქტიკური ცენტრის გარშემო მოძრაობენ, ეს მოხეტიალე ვარსკვლავები უწესრიგო, სპირალური სახით ასევე მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო. რაც ყველაზე საინტერესოა, დროთა განმავლობაში, ეს მოძრაობა კიდევ უფრო უწესრიგო გახდა.

კვლევის ავტორის, ტერეზა ანტოჯას განცხადებით, ისინი აკვირდებოდნენ ვარსკვლავთგროვების ფორმებს, განსხვავებულ მორფოლოგიებს, მაგალითად, ლოკოკინას ნაჭუჭის მსგავს სპირალებს. მისი თქმით, ამ ქვესტრუქტურების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ჩვენი გალაქტიკის დისკოს მნიშვნელოვანი გრავიტაციული აშლილობა აქვს.

ანტოჯა და მისი კოლეგები ამ კოსმოსური ბრძოლის ნიშნებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ Gaia-ს მიერ გამოგზავნილ მონაცემებში სწავლობდნენ. აღსანიშნავია, რომ Gaia-მ მეცნიერებს მიაწოდა ჩვენი გალაქტიკის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური სურათი. მათ შორის არის ირმის ნახტომის 1,7 მილიარდი ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობა და სიჩქარე.

ანტოჯას ჯგუფმა შენიშნა, რომ გალაქტიკურ დისკოში ერთი ვარსკვლავთგროვა ვარსკვლავთშორისი მეზობლებისგან განსხვავებული ფორმით ტრიალებდა. მკვლავართა აზრით, ამის მიზეზი გარკვეული გალაქტიკათშორის ქმედებაა.

იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად, მკვლევრებმა გამოიყენეს 6 მილიონი ვარსკვლავის სიჩქარისა და ადგილმდებარეობის მონაცემები, რათა მათემატიკურად აეხსნათ ირმის ნახტომის ლოკოკინასებრი გალაქტიკური ნაჭუჭის საიდუმლო. როგორც მათმა მოდელმა აჩვენა, აშლილობა, რომელმაც ამ ვარსკვლავთა ორბიტები შეარყია, დაახლოებით 300-900 მილიონი წლის წინ მოხდა.

მკვლევართა განცხადებით, ერთ-ერთი შესაძლო ახსნის მიხედვით, ამ პერიოდში ირმის ნახტომს ჩაუქროლა პატარა თანამგზავრმა გალაქტიკამ. მისმა მნიშვნელოვანმა გრავიტაციამ გზადაგზა შემთხვევით გამოქაჩა ვარსკვლავები.


ამ გალაქტიკათშორის ინტერვენიაში მეცნიერებს აშკარა ეჭვმიტანილიც ჰყავთ — მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა. რგოლის ფორმის ეს გალაქტიკა გარს უვლის ირმის ნახტომს და შედგება რამდენიმე ათეული მილიარდი ვარსკვლავისგან. როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, დაახლოებით 200 მლნ — 1 მლრდ წლის წინ, მშვილდოსნის გალაქტიკამ მართლაც ახლოს ჩაუარა ირმის ნახტომის დისკოს, რაც კარგად ემთხვევა აშლილობის პერიოდს.

თუ ეს ჰიპოთეზა მართებულია, ამ მოვლენას დაახლოებით ისე უნდა ემოქმედა, როგორც ციცქნა მაგნიტი გაატარო რკინის ნაქლიბების გიგანტურ რგოლთან. მშვილდოსანი (მაგნიტი) ირმის ნახტომთან იმდენად ახლოს უნდა მოსულიყო, რომ თავის გრავიტაციით დაეჯაბნა რამდენიმე მილიონი ვარსკვლავი (ნაქლიბი), რის შედეგადაც ამ ვარსკვლავებს რეგულარული ორბიტიდან მოგლეჯდა, შემდეგ კი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. ეს ვარსკვლავები დღესაც ირმის ნახტომს მიეკუთვნება, მაგრამ დღემდე შეცვლილ ტრაექტორიაზე მოძრაობენ.


რამდენიმე ასეული მილიონი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იდუმალი მოვლენის გამო ვარსკვლავთა ჯგუფი გრავიტაციულად აიწეწა, მაგრამ ასტრონომები ამ მოვლენის ეფექტებს დღემდე ხედავენ.

ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ ასტრონომთა განცხადებით, ირმის ნახტომს თითქოს ბოლოსდაბოლოს დაუდგა შურისძიების დრო — ჩვენი გალაქტიკა თანდათან ყლაპავს მშვილდოსნის გალაქტიკის ვარსკვლავებს და შემდეგი 100 მილიონი წლის განმავლობაში, ამ ჯუჯა გალაქტიკისგან აღარაფერი დარჩება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი