ვირუსი არის ორგანულ ნაწილაკში მოქცეული გენეტიკური მასალა, რომელიც ცოცხალ უჯრედებში იჭრება და მათი, ანუ მასპინძლის მეტაბოლურ პროცესებს იყენებს ვირუსულ ნაწილაკთა ახალი თაობის წარმოსაქმნელად.
ამას ვირუსები სხვადასხვა გზით ახერხებენ. ზოგიერთ მათგანს საკუთარი გენეტიკური მასალა მასპინძლის დნმ-ში შეჰყავს, სადაც ის იქამდე რჩება დამალული, ვიდრე მისი ტრანსლირება მოხდება. როდესაც მასპინძელი ვირუსი დაყოფის გზით გამრავლდება, მრავლდება მასში არსებული ვირუსიც.
რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვირუსებმა შეიძლება მასპინძელი უჯრედი ააფეთქონ კიდეც, რასაც რეპროდუქციის ლითიურ ციკლს უწოდებენ.
რამხელაა ვირუსი?
სიტყვა „ვირუსი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რომლითაც შხამიან სითხეებს აღწერდნენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მაშინ ასეთ სითხეებში ასეთ ციცქნა მიკრობებს უბრალოდ ვერ ხედავდნენ.
ვირუსების ზომა სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ღორის ცირკოვირუსი წარმოუდგენლად პატარაა, სულ რაღაც 17 ნანომეტრის სიგანის; ტუპანვირუსები კი 2,3 მიკრომეტრს აღწევენ და იმდენად გიგანტურები არიან, რომ სიტყვა „ვირუსის“ განსაზღვრებასაც კი ეჭვქვეშ აყენებენ.
ასეთივე მრავლფეროვანია მათი კომპლექსურობაც, შეიცავენ სხვადასხვა ცილებს ან გახვეული არიან სხვადასხვაგვარ გარსში, რომელიც მათ სიცოცხლის სამეფოს ყოველი სახეობის ინფიცირებასა და საკუთარი თავის გამრავლებაში ეხმარება.
ვირუსების მრავალი სხვადასხვა გზით არის დაშიფრული. მაგალითად, როტავირუსები რნმ-ს ორმაგ სპირალს ეფუძნება. კორონავირუსებს რნმ-ის ერთი სპირალი აქვთ, რასაც „დადებით მნიშვნელობას“ უწოდებენ, რადგან შესაძლებელია მისი პირდაპირ ცილებად ტრანსლირება. გრიპის ვირუსს უარყოფითი მნიშვნელობის რნმ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცილების საწარმოებლად მას დამატებითი ტრანსკრიბირება (გადაწერა) სჭირდება.
ყვავილის და ჰერპესის ვირუსები დნმ ვირუსების მაგალითია, რომლებიც მასპინძელ უჯრედს საკუთარ გენომის მთლიანად რნმ-ად ტრანსკრიბირებას აიძულებენ.
იცვლება ამ გენომთა ზომებიც. ზოგიერთი ყველაზე დიდი შეიძლება მილიონზე მეტი წყვილური ფუძის სიგრძის იყოს. მეორე მხრივ, ერთ-ერთ რნმ ვირუსს, სახელად MS2-ს, რომელიც ბაქტერიებს აინფიცირებს, დაახლოებით 3500 წყვილური ფუძე აქვს.
შეუძლებელია იმის დაზუსტებით ცოდნა, რამდენი ტიპის ვირუსი არსებობს ბუნებაში, რადგან ახალი ხელსაწყოების გამოყენებასთან ერთად, მკვლევრები სულ უფრო მეტ ვირუსს პოულობენ ნიადაგში, ოკეანეებში და ცაშიც კი. უხეში შეფასების მიხედვით, დედამიწის ზედაპირზე 100 მილიონზე მეტი ტიპის ვირუსი უნდა არსებობდეს.
არის თუ არა ვირუსი ცოცხალი?
ამ კითხვაზე მეცნიერებს შორის კამათი გრძელდება, რადგან იცვლება სიცოცხლისა და ეკოლოგიის განსაზღვრებები. ამჟამინდელი მოსაზრებით, ვირუსები კომპლექსური ცოცხალი სისტემების ნაწილად უნდა მივიჩნიოთ, ისეთად, რომელიც ყველა ორგანიზმს შორის ვრცელდება.
„ვირიონები“ არააქტიური ნაწილაკებია, რომლებიც მთელ გარემოში მოძრაობენ; მათ ცოცხლებად არ თვლიან. საკუთარ სასიცოცხლო მახასიათებლებს ვირუსები მხოლოდ უჯრედში მოხვედრის შემდეგ იძენენ, როდესაც რეპროდუქციისთვის მასპინძლის ბიოქიმიას იყენებენ.
გამომდინარე აქედან, უფრო ზუსტი იქნება, რომ ვირუსები ქიმიასა და ბიოლოგიას შორის უწყვეტობის ნაწილად ჩავთვალოთ, ისეთ რაღაცად, რასაც ცალსახად ვერ მოვათავსებთ ცოცხალსა და არაცოცხალს შორის.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.