კორონავირუსები ვირუსების ოჯახია, რომელშიც შედის ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებების გამომწვევი შტამები.
ადამიანებში ისინი ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით, ინფიცირებული ადამიანებისგან წამოსული სითხის ციცქნა წვეთების გზით ვრცელდება.
ამჟამად ცნობილი კორონავირუსებიდან ადამიანს შვიდი აინფიცირებს; მათგან ოთხი სეზონური რეგულარულობით ვრცელდება და იწვევს როგორც გაციების მსგავს მსუბუქ სიმპტომებს, ისე გრიპის მსგავს დისკომფორტს.
რამდენიმე უფრო გამორჩეულ შტამს, მათ შორის SARS-CoV-2-ს (რომელიც იწვევს COVID-19-ს), მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევს, ადამიანის მოკვლაც შეუძლია. სიკვდილის მიზეზი კომპლექსურია, თუმცა, ამის მიზეზი ძირითადად არის მომატებული იმუნური პასუხის მიერ სხეულის მრავალი სხვადასხვა სისტემის დაზიანება.
რატომ ჰქვიათ კორონავირუსები?
კორონავირუსი დეტალურად პირველად 1960-იან წლებში აღწერეს და სახელი უწოდეს მისი განსხვავებული, კორონას, ანუ გვირგვინის მსგავსი ცილების გამო, რომელიც ვირუსულ ნაწილაკს აკრავს გარს. ვირუსის შემადგენლობაში ჩაშიფრულია ყველაზე გრძელი გენომი რნმ ვირუსებს შორის — ნუკლეინის მჟავის ერთი სპირალის 26 000 – 32 000 ფუძის სიგრძისაა.
ოჯახში ოთხი ცნობილი გვარია — Alphacoronavirus-ი, Betacoronavirus-ი, Gammacoronavirus-ი და Deltacoronavirus-ი. პირველი ორი მხოლოდ ძუძუმწოვრებს აინფიცირებს, მათ შორის ღამურებს, ღორებს, კატებსა და ადამიანებს. Gammacoronavirus-ი ძირითადად შინაურ ფრინველებს აინფიცირებს, Deltacoronavirus-ი კი როგორც ფრინველებს, ისე ძუძუმწოვრებს.
რა არის კორონავირუსების სიმპტომები?
კორონავირუსებს სხვადასხვა ცხოველში სხვადასხვა სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შემთხვევათა უმეტეს ნაწილში, ინფექციას არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს, მაგრამ ასეთმა ინდივიდებმა ვირუსი შეიძლება მარტივად, ისე გაავრცელონ, რომ არც კი იცოდნენ, თუ ინფიცირებულები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტამი ღორებსა და ინდაურებში დიარეას იწვევს, ადამიანებში ინფექციები ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, იწვევს ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ან საშუალო პრობლემებს, მაგალითად, ცხვირიდან გამონადენს და ყელის ტკივილს.
არსებობს ლეტალური გამონაკლისებიც, რამაც მსოფლიოში გამანადგურებელი გავლენა იქონია პირუტყვზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევებში სიმპტომები იწყება ყელის ტკივილითა და ცხელებით.
COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ინფიცირებულთა უმეტესობას ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში უვლინდებათ ცხელება, რასაც მოსდევს ხველება. ამით ის განსხვავდება გრიპისგან, რომელიც ხველებით იწყება.
მწვავე შემთხვევებში, სიმპტომების გამოვლენიდან პირველი კვირის განმავლობაში, რესპირატორული აშლილობის გამო შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზება. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, ორი კვირიდან ორ თვემდე შუალედში შეიძლება დადგეს სიკვდილიც, რაც დამოკიდებულია პროგნოზსა და სამედიცინო დახმარებაზე.
რა არის COVID-19?
COVID-19 არის დაავადება, რომელიც ვითარდება კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემთხვევაში.
SARS-ის მონათესავე ეს ვირუსი პირველად 2019 წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. თავდაპირველად, მისი გავრცელების წყაროდ გველები მიიჩნიეს, მაგრამ ეს მოსაზრება ექსპერტებმა მალევე უარყვეს და დაადგინეს, რომ ამ ვირუსის სავარაუდო რეზერვუარი ღამურები არიან. ადამიანამდე გადმოცემის ჯაჭვში, შუამავალი როლი სავარაუდოდ პანგოლინმა შეასრულა. ამ მიმართულებით კვლევები დღემდე გრძელდება.
SARS-CoV-2-ის პანდემიამ 2020 წელს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი და სოციალურ აქტივობათა მოშლა გამოიწვია. წლის ბოლოსთვის, სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დამტკიცდა ვირუსის წინააღმდეგ შექმნილი სამი ვაქცინა.
რა არის SARS-ი?
2003 წელს გაირკვა, რომ SARS-ი კორონავირუსების განსხვავებული შტამი იყო. ეს ვირუსიც ცხოველური წარმოშობისაა და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 2002 წელს, ჩინეთის პროვინცია გუანდუნში დაფიქსირდა.
ამის შემდეგ, ვირუსი მსოფლიოს 26 ქვეყანაში გავრცელდა, დააინფიცირა 8000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 800 კი დაიღუპა.
რა არის MERS-ი?
MERS-ი პირველად 2012 წელს გამოვლინდა საუდის არაბეთში. ადამიანებს აღენიშნებოდათ ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ხანდახან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მაგალითად, დიარეა. ვირუსის წყარო ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ინფექციის რეზერვუარი ცალკუზიანი აქლემი იყო.
საწყისი აფეთქების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას იდენტიფიცირებული აქვს ინფიცირების დაახლოებით 2500 შემთხვევა, საიდანაც 860 ადამიანი დაიღუპა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.