როგორ გამოიყურება ახალი კორონავირუსი COVID-19 მიკროსკოპში
როგორ გამოიყურება ახალი კორონავირუსი COVID-19 მიკროსკოპში

ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა უკვე 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი გასული წლის ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ, მედიაში ფართოდ შუქდება.

მიკრობიოლოგები მთელ მსოფლიოში აქტიურად ცდილობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და რა თქმა უნდა, მათთვის კარგად არის ცნობილი ამ ვირუსის როგორც უამრავი დეტალი, ისე ვიზუალური მხარე. თუმცა, უმეტეს ჩვენგანს ალბათ არც გვინახავს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში ახალი კორონავირუსი.

ამის საშუალებას გვაძლევს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) კლდოვანი მთების ლაბორატორია (RML), რომელიც ახალი კორონავირუსის მიკროსკოპულ ფოტოებს აქვეყნებს.

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ ფოტოს შეცვლილი ფერებით, ვირუს COVID-19-ს ერთ-ერთ ამერიკელ პაციენტში. ვირუსები სურათზე ყვითლად ჩანს, ლურჯად და ვარდისფრად შეფერილი უჯრედის კედლის ზედაპირზე.

ეს ფოტო კი ტრანსმისიურმა ელექტრონულმა მიკროსკოპმა გადაიღო; მართალია, სურათი მკაფიო არ არის, მაგრამ მაინც ჩანს ვირუსის ზედაპირიდან გამოშვერილი საცეცები, რომელთა გამოც ეწოდა კორონავირუსს ეს სახელი.

კორონავირუსთა უმეტესობა, მათ შორის SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ი (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი), გარედან თითქმის ერთნაირია — საცეცებით დაფარული სფეროები.

კორონავირუსის ოჯახის ვირუსები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებიან გენომით. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ ადამიანების ინფიცირების თვალსაზრისით.

ფოტოების სრულად ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.