რა არის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელშიც საქართველოს გაწევრიანების საკითხი ბრიუსელში პრემიერის ვიზიტისას განიხილეს
რა არის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელშიც საქართველოს გაწევრიანების საკითხი ბრიუსელში პრემიერის ვიზიტისას განიხილეს

ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანების პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს საკითხი წლის ბოლოსთვის შეთანხმდება.

ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიესალმება ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას კავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრისას გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.

რა არის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი?

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ევროკომისიამ 2001 წლის ოქტომბერში დააფუძნა. ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მექანიზმის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მასში მონაწილე 10 სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო დაცვის სფეროში კატასტროფებზე რეაგირების, მათი პრევენციისა და მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. მექანიზმის ფარგლებში ქვეყანას შეუძლია, ითხოვოს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო სიტუაცია აღემატება ქვეყნის რეაგირების შესაძლებლობებს.

ევროკომისია საკვანძო როლს ასრულებს სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების კოორდინაციაში და ფარავს სატრანსპორტო და ოპერაციული ხარჯების 75 პროცენტს. ევროკავშირის წევრების გარდა, ამჟამად სამოქალაქო დაცვის მექანიზმში მონაწილეობს კიდევ 10 სახელმწიფო – ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. დაარსების დღიდან ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმმა მოახდინა ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დახმარების 700-ზე მეტ თხოვნაზე რეაგირება. ბუნებრივმა კატასტროფებმა საზღვარი არ იციან და შეუძლიათ, მოულოდნელად დაატყდნენ თავს ერთ ან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა განმარტებული, კარგად კოორდინირებული ერთობლივი რეაგირების ქონა ნიშნავს, რომ როდესაც ეროვნული ხელისუფლება გადატვირთულია, მას აქვს ერთი კონტაქტი და არ უწევს ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობა.

ერთობლივი მიდგომა ეხმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურების გამოცდილების და შესაძლებლობების გაერთიანებაში, ძალისხმევის დუბლირების თავიდან აცილებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ დახმარება პასუხობს დაზარალებულთა საჭიროებებს.

სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაერთიანება უზრუნველყოფს უფრო ძლიერ და თანმიმდევრულ საპასუხო ზომებს. მექანიზმი ასევე ეხმარება ეროვნულ ხელისუფლებებს სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნისა და მათი პრევენციის ზომების კოორდინირებაში, ეხმარება საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაში. როგორც კი რომელიმე ქვეყანა მექანიზმის ფარგლებში ითხოვს დახმარებას, საგანგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი იწყებს დახმარების მობილიზებას. ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების სწრაფ გაგზავნას. მექანიზმის ფარგლებში უმოკლეს დროში შესაძლებელია სპეციალიზირებული ჯგუფების და აღჭურვილობის, მათ შორის სახანძრო თვითმფრინავების, სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფების მობილიზება.

2022 წელს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი 106-ჯერ ამოქმედდა ისეთ შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორებიცაა ომი უკრაინაში, ტყის ხანძრები ევროპაში, კოვიდ-19, წყალდიდობა პაკისტანში. მექანიზმის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, აღნიშნული ინსტრუმენტის ამოქმედება მათი მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების აღმოჩენის მიზნით (მაგალითად, ევაკუაციის ოპერაციებისთვის).