შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
გუშინ მოვისმინეთ, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე განიხილებოდა ტექნიკური საკითხები, თუმცა ვხედავთ, პოლიტიკური თემებიც შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც, თავისთავად, ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს აბასთუმანში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა.
„ყველას შეგახსენებთ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ მხრივ ევროკავშირია საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებზე. შემდეგ, ამ დარღვევის რაღაცნაირად გადასაფარად, მიიღეს საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები. მათ ყოველგვარ გონივრულობასა და სავიზო რეჟიმის ლოგიკას გადაუხვიეს. სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომლებსაც ავრცელებენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ, ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით შეუძლიათ, გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან, რა კანონი მივიღოთ ან არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე უნდა დავუდგეთ თუ მარცხენაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადამდეც ბრიუსელმა ევროკავშირი მიიყვანა. ბრიუსელმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია.
პირველ ყოვლისა, ამ ყველაფერში ვხედავთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია იმდენად არაკვალიფიციურად მოქმედებს, რომ ეს არაკვალიფიციურობა იმედს გვაძლევს, რომ, საბოლოო ჯამში, თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მათვე დააზიანებს. აქამდე რაც გააკეთეს, მათ მხოლოდ საკუთარი თავი დაიზიანეს, დააზიანეს ევროკავშირი და ევროკავშირის მიმართ ნდობა. ასე რომ, თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ – საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.