გერმანია, საფრანგეთი და ბენილუქსის ქვეყნები ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის შეთავაზებით გამოდიან
გერმანია, საფრანგეთი და ბენილუქსის ქვეყნები ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის შეთავაზებით გამოდიან

გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ხმის უფლების დროებით შეზღუდვის შესაძლებლობა. ამის შესახებ აღნიშნულია ხუთი ქვეყნის მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტში, რომლის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

ეს ქვეყნები ევროკავშირში დემოკრატიის დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმების შემოღებას ითხოვენ. დისკუსია მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებას 2028 წლისთვის გეგმავს, ხოლო კანდიდატი ქვეყნები – ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა განაცხადების დაჩქარებულ განხილვას მოითხოვენ.

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა პრევენციული ზომების გამკაცრებას ემხრობა.  როგორც გამოცემა წერს, ეს მიდგომა უკავშირდება უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შესუსტების შესახებ შეშფოთებას.

გერმანიის, საფრანგეთისა და ბენილუქსის ქვეყნების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებს გაწევრიანების ხელშეკრულებებში ისეთი მექანიზმების ჩადებას, რომლებიც გააკონტროლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების სტანდარტების დაცვას. ასევე, გათვალისწინებულია რეაგირების ზომები იმ შემთხვევაში, თუ ახალი წევრი ქვეყანა ამ სტანდარტებს სერიოზულად გადაუხვევს.

„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს, ხომ არ უნდა დაწესდეს ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ეს მექანიზმი განსაკუთრებით იმ სფეროებში შეიძლება ამოქმედდეს, სადაც გადაწყვეტილებების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.

ასეთ სფეროებს შორისაა ევროკავშირის გაფართოება, საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის ბიუჯეტი. გამოცემის ცნობით, ინიციატივის მიზანია, თავიდან იყოს აცილებული ისეთი ვითარება, როდესაც ახალი წევრი სახელმწიფო, დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევის მიუხედავად, შეძლებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაბლოკვას.