მაკა ბოჭორიშვილი - მთავარი მიზანი იყო, გუშინდელ შეხვედრაზე წარგვედგინა ჩვენი პოზიციები, ველოდებით, რომ ევროკავშირი მეტად გაითვალისწინებს ჩვენს ლეგიტიმურ მიზეზებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარადგინა თავისი პოზიციები იმ წუხილებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იყო დაფიქსირებული.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართული მხარის მთავარი მიზანი იყო, ევროპული მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და წარედგინა პოზიციები თითოეულ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სავიზო დიალოგს და, კონკრეტულად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.
„შეხვედრა, როგორც იცით, გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციებით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივი შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, რა თქმა უნდა, წარადგინა თავისი პოზიციები იმ წუხილებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იყო დაფიქსირებული. ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ევროპული მხარისთვის ამ დონეზე მიგვეწოდებინა ინფორმაცია და წარმოგვედგინა ქართული მხარის პოზიციები თითოეულ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სავიზო დიალოგს და, კონკრეტულად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა და არა ბოლო. ველოდებით, რომ ევროკავშირის მხარე მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რომელიც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში, ასევე იმ ლეგიტიმურ პირობებს, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, – „სპეკულაციებიდან გამომდინარე, იყო თუ არა საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით?“ – მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირ სამომავლო ნაბიჯებზე საუბარი არ ყოფილა“.
„რეალურად, ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაიცვალა ინფორმაცია. ძირითადად ქართულმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ასახული იყო ევროკავშირის ანგარიშებსა და რეგულაციებში, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვისაც ცნობილია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.