ქობულეთის კლასტერის 530 კონტაქტიდან 400 უკვე გამოკვლეულია, მათგან ახალი კორონავირუსი 35-ს დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერის შესწავლა დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნულ კლასტერთან დაკავშირებული მოძიებული 530 კონტაქტიდან უკვე გამოკვლეულია 400 პირი, მათგან ახალი კორონავირუსი 35-ს დაუდასტურდა. დანარჩენებს პირველი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისთანავე გამოიკვლევენ. ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე თვითიზოლაციაში რჩებიან ქობულეთის ოთხ სოფელში მყოფი ცალკეული პირებიც, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში რესპირატორული ჩივილები აღენიშნებოდათ. ისინი იზოლაციის რეჟიმს ვადის ამოწურვის ან გამოკვლევის შემდეგ დაასრულებენ. სოფელ გვარაში თვითიზოლაციის ვალდებულებისგან გუშინ 46 მოქალაქე გათავისუფლდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციიდან გამოსვლა მოქალაქეებს არ ათავისუფლებს შეზღუდვებისგან, რომელიც ქობულეთში არის დაწესებული.