„ქარვასლაში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
„ქარვასლაში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოც შეუერთდა. ეს დღე ყოველწლიურად 21 მაისს აღინიშნება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით ივენთ ჰოლ „ქარვასლაში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტზე მისულ მსმენელს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები და კულტურული თვითმყოფადობის ნიმუშები წარუდგინეს.

„ჩვენთვის სხვა კულტურასთან თანაცხოვრება უცხო არ არის და უფრო მეტიც, ტოლერანტობა ჩვენი ეროვნული და კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ღონისძიებაზე საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც.

„დღეს ჩვენ ამ გზავნილით ასევე ვეხმიანებით აფხაზებს, ოსებს, იმ ხალხს, რომლებიც ხელოვნური ბარიკადებით არიან დაშორებულნი დანარჩენი საქართველოსგან. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ყველა ჩვენი მოქალაქე არის თანასწორი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ვფიქრობ, დღეს გამყოფ ხაზებს იქით, არსებული ვითარების და შევიწროების ფონზე, ძალიან კარგად ესმით საკუთარი იდენტობის დაცვის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო მომავალი და ამისათვის უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიციები, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს ჩვენმა წინაპრებმა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.