ქარვასლაში გამოფენა „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ გაიმართება

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საქართველო-გერმანიის 200 წლის ურთიერთობებთან დაკავშირებულ არქიტექტურულ გამოფენას – „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ გამართავს.

თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ, კერძოდ, არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ორ ქვეყანაში, საქართველოსა და გერმანიაში, ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა და წარმოადგენს ორი განსხვავებული არქიტექტურულ ოჯახის ქურდიანებისა და ბიომების შემოქმედებას, მიმოიხილავს გენიალური არქიტექტორების შემოქმედებით ისტორიას და აქცენტებს აკეთებს მათ ცხოვრებისეულ პარალელებზე.

მუზეუმის სამ დარბაზში გამოიფინება ორი ცნობილი არქიტექტურული დინასტიის – ქურდიანებისა და ბიომების საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები. არქიტექტურულ ფოტოგრაფიასთან ერთად დამთვალიერებელი ნახავს ოჯახების მდიდარ და უნიკალურ საარქივო, სამუზეუმო და საავტორო ფოტომასალას, ასევე, შენობა-ნაგებობების საარქივო ნახაზებს, მათ შორის, თბილისის ეროვნული სტადიონის არქიტექტურულ მოდელს; ფილმებს ბიომებზე და ქურდიანებზე; ბოლო წლების გერმანულ არქიტექტურულ გამოცემებს; ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმიდან ბიომების არქივს. ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობებია და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელი ნაწილი. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და ორივე ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო.

ბიომების ოჯახის უხუცესი, 98 წლის გოტფრიდ ბიომი, ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს „პრიცკერის პრემიას“ ფლობს.

გამოფენის გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ გოთფრიდ ბიომის ვაჟიშვილები, ასევე ცნობილი არქიტექტორები შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი და პაულ ბიომი.

გამოფენა დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.