საქართველოში მალე ეროვნებით ქართველი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დისიდენტის ცხოვრებით ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი დაინტერესდა და ცნობები შეაგროვა.
„ჭალიძე აპროტესტებდა ქართული ისტორიული ძეგლების ნგრევას, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლას, არილის ზღვის დაშრობას, უზბეკეთში ბამბის კორუფციას, პატიმრების წამებას, აზერბაიჯანსა და საქართველოში განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, ჰომოსექსუალობისა და პირადი ცხოვრების გამო მოქალაქეების დასჯას, ქალების უფლებების დარღვევას. შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში.
ჭალიძე ამერიკაში გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დააარსა გამომცემლობა, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. როგორც ფიზიკოსი, მუშაობდა იელის უნივერსიტეტშიც“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვალერი ჭალიძე იყო საბჭოთა კავშირში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პუბლიცისტი და ფიზიკოსი. ის 2018 წელს, აშშ-ში გარდაიცვალა. საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებასა და კანონებს მან არა ერთი წიგნი მიუძღვნა. მათ შორის, „კრიმინალური რუსეთი“, „ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში“ და სხვ. 1985 წელს ვალერი ჭალიძემ მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო, ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდება მიიღო.