კულტურის სამინისტრომ პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ილია აგლაძის არქივი შეიძინა
კულტურის სამინისტრომ პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ილია აგლაძის არქივი შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრის ილია აგლაძის არქივის შესყიდვა განხორციელდა.

მრავალფეროვანი საარქივო მასალები 370 ხელნაწერსა და ნაბეჭდ დოკუმენტს მოიცავს და შეიცავს დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, კოტე მაყაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი პაპავას, ვალერიან გუნიასა და სხვათა უცნობ ავტოგრაფებს.

მოცემული საარქივო მასალები ექსკლუზიურია, რადგან არ არსებობს მათი სხვა ეგზემპლარები და უმეტესობა უცნობია.

ამასთან, შესყიდული არქივი აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, კერძოდ, მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან, 1917 წლიდან 1921 წლამდე უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმებს, მწერალთა პირველი კონფერენციის დოკუმენტებს, მიმართვებსა და პირველ წესდებას, მწერალთა ხელწერილებს, მწერალთა კავშირის ბუღალტრულ საბუთებს, კვიტანციებს, მწერალთა ფაქსიმილიების სიებს, ღია ბარათებსა და ჟურნალებს.

არქივში ასევე ინახება ილია აგლაძის მეუღლის, მწერლის, მთარგმნელის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებლის, ოლღა ბეჟანიშვილი-აგლაძის წერილები, ჩანაწერები და ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წყაროები დღემდე უცნობი იყო როგორც მკვლევრებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის და წარმოადგენს სანდო დოკუმენტებს მწერალთა კავშირის ამ უაღრესად საინტერესო პერიოდის შესასწავლად.

ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.