დისიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი ვლადიმირ ბუკოვსკი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
დისიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი ვლადიმირ ბუკოვსკი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი დისიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი ვლადიმირ ბუკოვსკი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კემბრიჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

ბუკოვსკი 14 წლიდან კომუნისტური იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო. 1959 ხელნაწერი ჟურნალის გამოცემის გამო, სკოლიდან გარიცხეს და სწავლა საღამოს სკოლაში განაგრძო.

1960 წელს იური გალანსკოვთან, ედუარდ კუზნეცოვთან და სხვებთან ერთად გახდა ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ შეხვედრებისა, რომლებიც რეგულარულად იმართებოდა მოსკოვში მაიაკოვსკის ძეგლთან. ამავე წელს ის გარიცხეს მოსკოვის უნივერსიტეტიდანაც.

ბუკოვსკი პირველად 1963 წელს დააკავეს და ლენინგრადის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ამის შემდეგ ბუკოვსკი რამდენჯერმე მოხვდა ციხეში. 1972 წელს მას 7-წლიანი პატიმრობა და ხუთი წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1976 წელს საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ის გაათავისუფლეს, სანაცვლოდ კი, ციხიდან გამოვიდა ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერი.

დიდ ბრიტანეთში ბუკოვსკიმ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა, ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა. 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიური თამაშების გამართვის საწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზატორი იყო. 1983 წელს დააფუძნა ანტიკომუნისტური ორგანიზაცია და მისი პრეზიდენტი გახდა. ის ავღანეთში ტყვედ აყვანილი საბჭოთა ჯარისკაცების გათავისუფლებაში აქტიურად მონაწილეობდა.

1991 წელს ბუკოვსკიმ მრავალი წლის შემდეგ პირველად მოინახულა მოსკოვი. რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შტაბი ბუკოვსკი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად განიხილავდა.

2004 წელს ვლადიმირ ბუკოვსკიმ გახდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომიტეტის თანადამფუძნებელი, რომელშიც მასთან ერთად მუშაობდნენ გარი კასპაროვი, ბორის ნემცოვი და სხვები.

2007 წლის 28 მაისს ბუკოვსკი წარდგენილი იყო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა ცესკო-მ მისი განაცხადი უარყო.

2014 წელს რუსეთის საელჩომ ლონდონში ბუკოვსკის რუსეთის პასპორტის ვადის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

„მე არ ვარ პესიმისტი და ყველაფერს მშვიდად ვუდგები, რადგან ვიცი, ყველაფერი გაივლის. დასრულდა საბჭოთა კავშირი, გაივლის პუტინის რუსეთიც“, – განაცხადა ვლადიმირ ბუკოვსკიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.