ეროვნულ არქივში საარქივო დოკუმენტური ფილმების ციფრული რესტავრაცია განხორციელდა [ვიდეო]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ბოლო ერთ წლის მანძილზე 10-მდე საარქივო დოკუმენტური ფილმის ციფრული რესტავრაცია განხორციელდა.

ეროვნული არქივის ცნობით, ფილმებს შორის არის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, 1985 წელი; „ჟამი შეკრებად ქვათა“, 1990 წელი; „თბილისი“, 1939 წელი; „ფიროსმანი“, 1960 წელი; „მღერის რუსთავი“, 1982 წელი; „ჩვენი ნონა“, 1962 წელი და სხვა.

„ფილმები ორიგინალი ფირებიდან 4k გარჩევადობის აპარატურით დასკანერდა, რაც მაღალი დონის ციფრული რესტავრაციის საშუალებას იძლევა. ფილმების ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება. რესტავრაციას კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ბაზაზე გიორგი კაკაბაძე და შალვა მიქუტიშვილი ახორციელებენ.

საქართველოს ეროვნული არქივი საარქივო დოკუმენტური ფილმების მაღალი ხარისხით სკანირებასა და რესტავრაციას აგრძელებს და მაყურებლისათვის მათ წარდგენას სხვადასხვა ფორმატში გეგმავს“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.