ჟანდარმერიის საარქივო მასალა ვებპლატფორმასა და ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება [ფოტო]
ჟანდარმერიის საარქივო მასალა ვებპლატფორმასა და ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება [ფოტო]

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები უახლოეს ხანში საზოგადოებას გამოფენისა და ვებპროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება.

ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო. მის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულების გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა.

თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდს, რომელიც 1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციასა და სხვა საინტერესო დოკუმენტებს აერთიანებს, ახლავს პატიმრებზე 1904-1917 წლებში შედგენილი ჟანდარმერიის ბარათები. ფოტოებთან ერთად, ბარათებმა შემოგვინახეს დაკავებულის თითის ანაბეჭდები, პირადი ინფორმაცია, ფიზიკური აღწერილობა და ინფორმაცია ბრალდების შესახებ. ჩვენამდე ასეთი 5413 ბარათია მოღწეული.

რაც შეეხება ჟანდარმერიის ფოტოკოლექციას, ის, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904-1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოში მიერ დაპატიმრებული ადამიანების 5000-მდე ფოტოს, რომელიც მათ დაკავებისას გადაუღეს.

პატიმრებს შორის არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი საქმიანობის გამო პრობლემები ექმნებოდათ ჟანდარმერიასთან.

ფოტოკოლექცია და ბარათები, გარდა მისი პირდაპირი შინაარსისა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

ეროვნული არქივი გეგმავს, ჟანდარმერიის ფოტოებისა და ბარათების მდიდარი კოლექცია საზოგადოებას ვებპროგრამით წარუდგინოს. გარდა ამისა, დოკუმენტები ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2019 წლის ნოემბერში გამოიფინება.