ალექსანდრე როინაშვილის ფოტოების ონლაინკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

18:02, 15.03.2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა.

ალექსანდრე როინაშვილმა ფოტოგრაფის ხელოვნება თბილისში, ფოტოგრაფ ხლამოვის სალონში შეისწავლა და, მისივე დახმარებით, 1860-იან წლებში დედაქალაქში ფოტოსალონი „რემბრანდტი“ გახსნა. მოგვიანებით ჰქონდა ფოტოსალონები: „სასურათხატო“ და „ამხანაგობა“. ეროვნული არქივის ფოტოსაცავში, სხვადასხვა ფოტოალბომსა თუ ფოტონეგატივებზე ალექსანდრე როინაშვილის ათეულობით ფოტო ინახება.

კოლექციის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 70-90-იან წლებში და მათზე ასახულნი არიან ცნობილი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე მაჩაბელი, კოტე აფხაზი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები – ლეონიდე (ოქროპირიძე) და კირიონ მეორე (საძაგლიშვილი) და სხვები. კოლექციაშია, ასევე, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები, ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი