პრომოუშენი ვეილი ჟანგისა და როუზ ნამაიუნასის სატიტულო ბრძოლაზე მუშაობს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობა ქალთა ქვემსუბუქი (strawweight) წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაზე მუშაობს. დანა ვაიტის თქმით ორგანიზაცია ცდილობს ჩემპიონ ვეილი ჟანგისა და ყოფილი ჩემპიონი როუზ ნამაიუნასის ბრძოლის დაგეგმვას.
ლას ვეგასში გამართული ბოლო ქარდის (vegas 10) შემდგომ გამართულ ვრცელ პრესკონფერენციაზე ვაიტმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჟანგისა და ნამაიუნასის შესაძლო ბრძოლაზე.
„ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ამ ბრძოლის ჩატარებაზე. ეს სწორედ ის დაპირისპირებაა, რომელიც პრომოუშენს აინტერესებს. აქედან გამომდინარე, მიდის აქტიური მოლაპარაკებები,” – განაცხადა დანა ვაიტმა.
ვეილი ჟანგმა ბოლოს მარტში იბრძოლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში იოანა ჟედრეჟჩაკი დაამარცხა. ეს იყო ჩინელი ჩემპიონის პირველი ტიტულის დაცვა. რაც შეეხება ნამაიუნასს, როუზმა უკანასკნელი ბრძოლა ივლისში UFC 251-ის ფარგლებში ჯესიკა ანდრაჟთან ჩაატარა და ბრაზილიელთან რემატჩში გამარჯვება მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიპოვა.