პროკურორი - პენიტენციური სამსახურის ავტომანქანის ვიდეოკამერის კადრებში ჩანს განვითარებული მოვლენები, ურდულის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, სათანადოდ რომ ყოფილიყო გასაღებით ჩაკეტილი
პროკურორი - პენიტენციური სამსახურის ავტომანქანის ვიდეოკამერის კადრებში ჩანს განვითარებული მოვლენები, ურდულის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, სათანადოდ რომ ყოფილიყო გასაღებით ჩაკეტილი

სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორი ლაშა ამირანაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტომანქანაში მეოთხე მსჯავრდებულიც იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია, რადგან კარი გადაკეტილი იყო. ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ამირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ავტომანქანაში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და კადრებში ჩანს განვითარებული მოვლენები. პროკურორის განცხადებით, კარის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, გასაღებით სათანადოდ რომ ყოფილიყო ჩაკეტილი.

„კარი ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გააღო. ამ შემთხვევაში სამივე მსჯავრდებულის ქმედება იდენტურია. დაკავების ადგილიდან გაიქცნენ და არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა იმას, რომელმა მსჯავრდებულმა გააღო კარი. სპეციალურ ავტომანქანაში პატიმრებისთვის განკუთვნილია მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები და ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. მეორე საკანში დარჩა კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა, რადგან მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა.

ავტომანქანაში დამონტაჟებულია რამდენიმე ვიდეოკამერა. კადრებში ჩანს განვითარებული მოვლენები. ურდულის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, გასაღებით სათანადოდ რომ ყოფილიყო ჩაკეტილი“, – განაცხადა პროკურორმა, ლაშა ამირანაშვილმა.

პროკურორის თქმით, სამივე მსჯავრდებულს უკვე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისთვის, რაც გულისხმობს გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევას.

„საქმეზე გამოძიება ამ კუთხითაც ინტენსიურად მიმდინარეობს. სხვა დეტალები შემდგომში გახდება ცნობილი. რაც შეეხება სასამართლოს, მოგეხსენებათ, ისინი არიან მსჯავრდებულები და პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით ასეთ შემთხვევაში არ მიმართავს სასამართლოს. მივმართავთ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით, რაც განხორციელდება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, რაც შეეხება პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, პროკურორმა განაცხადა:

„ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა ძალიან მცირე მანძილზე. რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლებს, იყო როგორც მიმალვის, ასევე საკმაოდ მაღალი ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. ყველა საფრთხე სასამართლომ გაიზიარა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფერდა პატიმრობა. წინასწარ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ბრალდებული. იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლის მანძილზე მუშაობდა ამ სამსახურში, იცნობს და მეგობრობს ძალიან ბევრ პირთან, აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან მაღალი რისკები, რომ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება.

იქ იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც დაუკავშირდა და მალევე ჩამოვიდნენ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გაიქცნენ მსჯავრდებულები. მას მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში განკუთვნილი საკნის, სპეციალური მოსათავსებელი ადგილის კარი უნდა დაეკეტა არა მხოლოდ ურდულით, არამედ გასაღებით. სპეციალური მოსათავსებელი სივრცის წინ არის კიდევ ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები. ეს სივრცეც იყო ცარიელი. ამის გარდა, ავტომანქანის კარიც იყო ღია მდგომარეობაში და თვითონ ბრალდებული იჯდა ავტომანქანის წინა სალონში და დატოვებული ჰყავდა მეთვალყურეობის გარეშე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები.

ჩვენ ამ ეტაპზე ვედავებით იმ ნაწილში, რა არ შეასრულა იქამდე, ვიდრე მოხდებოდა მსჯავრდებულთა გაქცევა. მაქსიმუმ, ათ მეტრამდე დაედევნა, რის შემდეგაც დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა პროკურორმა.