პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებული ბადრაგის ჯგუფის უფროსის, ივერი ნატრიაშვილის აღმკვეთი ღონისძიების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროკურატურა დაკავებულს მასზე დაწესებული მოვალეობისა და სამსახურში დადგენილი წესების შეუსრულებლობას ედავება.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე დაკითხულია მოწმეები, მათ შორის თავად ბრალდებული, და ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. საგამოძიებო უწყებამ ივერი ნატრიაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, საგამოძიებო უწყება მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ნატრიაშვილმა მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა ან მიიმალოს.

პროკურატურამ მოსამართლეს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა, კერძოდ ივერი ნატრიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლოა, რადგან ივერი ნატრიაშვილი თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და ბრალი აღიარა. შესაბამისად, მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლას საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატის განცხადებით, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს 5 000 ლარის ოდენობით შეფარდება მოითხოვა, ასევე, ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლების ჩამორთმევა და შესაბამის უწყებაში ყოველდღიურად გამოცხადება.

მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურორის შუამდგომლობები სრულად გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.