პროკურორი - არსებობდა საფრთხე, პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულების მხრიდან მოწმეებზე მომხდარიყო ზეწოლა
სახელმწიფო ბრალდება მოითხოვდა ოთხი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პროკურორმა ელიზაბარ გოზალიშვილმა პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლემ გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა საფრთხე, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე მომხდარიყო ზეწოლა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების.
რაც შეეხება გორნაკაშვილის საქმეს, როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, როცა პროკურატურამ ბრალის წარდგენაზე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით, ამის შემდეგ მიმართა სხვა ბრალდებულებზე, რის გამოც პროცესები გაიმართა ცალ-ცალკე.
„რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. დაველოდებით, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით შესაბამისი მოქმედებები. ის არ არის ბრალდებულის სტატუსით დაკავებული და არანაირი 48-საათიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ გვაქვს. სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მაჩალიკაშვილის დაკავება, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვერ მოხდა მისი დაკავება. რაც შეეხება საქმესა და მტკიცებულებებს, აქ არის მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ოთხივე ბრალდებულის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან და აჰმედ ჩატაევმა.
რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარეობს მოცემული საქმიდან დამოუკიდებლად გამოძიება და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგინდება ამ საქმის გამოძიების დროს“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.
კითხვაზე იყო თუ არა მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოჩენილი, პროკურორი განმარტავს, რომ ამ გარემოებებს დამოუკიდებლად წარმოებული გამოძიება დაადგენს.