გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს

გიგი უგულავა მის მიმართ წარდგენილ ძალადობის ბრალდების ამნისტირებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ეს საქმე მის წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაული იყო.

საქმის არსებითი განხილვა დღეს მხარეების შესავალი სიტყვით დაიწყო. სხდომის დასაწყისში ბრალდების მხარემ შესთავაზა ბრალდებულს ამნისტია, თუმცა უგულავამ განაცხადა, რომ ეს საქმე მის წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო და ის არა ბრალდებული, არამედ დაზარალებულია.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილია, აქ არის პოლიტიკური საფუძველი. არანაირი ამნისტია არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია. არ მივიღებ მას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის. ეს არის სისტემური დანაშაული. მე მოსამართლესაც ვუთხარი, აქ რომ მანდატურს ხელი გავარტყა, ამ კამერებს ხო, ამოიღებთ და საქმეში ჩადებთ, მაშინ მითხარით აეროპორტის კამერები რატომ არ არის საქმეში? იმიტომ არ არის, რომ იქ ნათლად ჩანს, ეს იყო ორგანიზებული. დავალებით მოქმედებდა ადამიანი, რომელიც თან ეჭვმიტანილია ამ საქმეში. 16 ნოემბერს ჩვეულებრივად ზონდერებთან ერთად იყო ხალხის დასარბევად. ამ მოსამართლისგან რას უნდა ელოდო პიჯაკების საქმის მოსამართლეა, მაგრამ არც ველოდები, არც მაინტერესებ. რომც გამოიტანონ პატიმრობა, არ მანაღვლებს, რადგან ეს საქმე არ დამთავრდება, არ დაიხურება, ვიდრე არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული“, – განაცხადა უგულავამ.

საქმის პროკურორი ნათია გურული აცხადებს, რომ იმ ქმედებაზე, რომელიც გიგი უგულავამ ჩაიდინა, ამნისტია ვრცელდება.

„გიორგი უგულავას ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, აღნიშნული ქმედებაზე ვრცელდება ამნისტია და ათავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან იმ შემთხვევაში, თუ ერთის მხრივ თანახმა იქნებოდა დაზარალებული და მეორეს მხრივ, ამაზე თანხმობას განაცხადებდა ბრალდებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა თავად განაცხადა უარი მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე, აქედან გამომდინარე დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა დაზარალებულის პოზიციის მოსმენა. დაზარალებულის პოზიციას მოვისმენდით თუ ამის საშუალებას მოგვცემდა ბრალდებულის პოზიცია და ის თანხმობას განაცხადებდა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად და ობიექტურად ჩაატარა გამოძიება, მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რისი მოპოვებაც შესაძლებელი იყო. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა იგივე შესაძლებლობა მოეპოვებინა ყველა ის მტკიცებულება რასაც მიიჩნევდა საჭიროდ. საქმის მასალებში გახლავთ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია და ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას მიღებული ინფორმაცია. ბუნებრივია, ამ ეტაპზე, პარალელურ მართლმსაჯულებას სატელევიზიო რეჟიმში ბრალდების მხარე არ განახორციელებს, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, ჩვენ დავკითხავთ დაზარალებულს, ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, გამოვიკვლევთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზიანებულ მაისურს. ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად ჩაატარა გამოძიება. სიტყვიერი შელაპარაკება გახლდათ განმაპირობებელი ფიზიკური შეურაცხყოფის. რაც შეეხება კონკრეტულად მოტივაციას მტკიცებულებების შეფასებას ბრალდების მხარე მართლმსაჯულებას სატელევიზიო ეთერში არ განახორციელებს, დაველოდოთ გამოვიკლევთ მტკიცებულებებს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 29 ივნისს გაიმართება. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ცნობისთვის, ახალი მოწვევის პარლამენტმა 11 იანვარს მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.