პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება აღარ შეიზღუდება
პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება აღარ შეიზღუდება

კანონმდებლობის დონეზე იმ შეზღუდვის მოხსნა იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს არ ჰქონდათ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება. შესაბამისი ცვლილებების პროექტი 21 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.

აღნიშნული ცვლილებების მომზადების მიზეზად საქართველოს კონსტიტუცია და იქ არსებული დაცვის მექანიზმები სახელდება.

„ცალკეულ შემთხვევებში „პატიმრობის კოდექსი“ გამომძიებელსა და პროკურორს ანიჭებს უფლებას, ბრალდებულს შეუზღუდონ სატელეფონო საუბრის უფლება. აღნიშნული შეზღუდვის მოქმედების პერიოდში არ ხდება შეზღუდვის დიფერენცირება ადრესატის მიხედვით, რაც მათ შორის, გამორიცხავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და შესაბამისი ადეკვატური ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას.

აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროცედურული მექანიზმების შექმნას, რომლის მეშვეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექნება შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ან უფლების დარღვევისკენ მიმართული ქმედების ეფექტური გამოძიების მიზნით. საქართველოში ასეთ ფაქტებზე გამოძიების განმახორციელებელ სპეციალიზირებულ უწყებას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰქონდეს მასთან შეუზღუდავად დაკავშირების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.