პროექტი, რომელიც მომავალს ქმნის - „წიგნების თარო“ 14 მარტიდან პირველი არხის ეთერში ბრუნდება
გადაცემა „წიგნების თარო“ 14 მარტიდან პირველი არხის ეთერში მეექვსე სასკოლო და მეორე სტუდენტური სეზონით ბრუნდება.
გადაცემის ნახვა ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს, 20:00 საათზე იქნება შესაძლებელი. პირველი ორი დღე სასკოლო სეზონს დაეთმობა, ხოლო ყოველ შაბათს „წიგნების თაროს“ სტუდენტური სეზონი იქნება ეთერში.
მთავარი პრიზისთვის კვლავ 32 სკოლა იბრძოლებს, სტუდენტურ ნაწილში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სხვადასხვა ფაკულტეტის, საუკეთესო 16 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს, პრიზი მოსწავლეებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც უცვლელია – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.
სატელევიზიო სეზონის პარალელურად, „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი ტრადიციულად გეგმავს არაერთ სოციალურ და საზოგადოებრივ აქტივობას, მათ შორის სხვადასხვა ღონისძიებასა და საჯარო თამაშებსაც.
ტრადიციულად იწყება „ლიტერატურული კონკურსიც“, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს საშუალება ექნებათ, ყოველკვირეულად გამოგზავნონ საკუთარი ტექსტები, გახდნენ კვირის გამარჯვებულები, მოხვდნენ „წიგნების თაროს“ გამორჩეული ახალგაზრდა ავტორების ექვსეულში და ითამაშონ „ბონუს-თამაში“.