გიორგი მარგველაშვილი - თუ ე.წ. უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ
გიორგი მარგველაშვილი - თუ ე.წ. უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ე.წ. უდო-ს კომისიამ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს შეწყალებაზე  რამდენჯერმე უთხრა უარი.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ ვერ გვექნებოდა ინფორმაცია ე.წ. უდო-დან, რადგან ეს უარი ნათქვამი იყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ ბაქრაძეს გავუნახევრეთ სასჯელი.  შეწყალებაზე თხოვნა შეტანილი იყო ამის შემდეგ. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი – აქ არ არის ლაპარაკი მოწესრიგებულ დოკუმენტზე, საუბარია უაღრესად დადებით დახასიათებაზე. დაბოლოს, თუ ე.წ. უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ. ჩვენ გვქონდა დადებითი დასკვნა და თურმე ე.წ. უდო-ს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა. ჩვენ მხოლოდ ვემყარებით იმ წყაროებს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ – ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ე.წ. უდო-მ იცოდა, რომ ეს პიროვნება უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა. შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.