გიორგი მარგველაშვილი - მართლა თუ გვინდა, ევროპას გავუგზავნოთ დეპოლარიზაციის გზავნილი, რატომ არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს?
გიორგი მარგველაშვილი - მართლა თუ გვინდა, ევროპას გავუგზავნოთ დეპოლარიზაციის გზავნილი, რატომ არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს?

მართლა რაღაც პრეცედენტის შექმნა თუ გვინდა, ევროპას გავუგზავნოთ დეპოლარიზაციის გზავნილი ამ თემაზე ერთიანობის, რატომ არ შეიძლება, პრეზიდენტმა გამოიყენოს თავის უფლებამოსილება, ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს და მიიწვიოს თავისთან სასახლეში? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სრულად იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის სულისკვეთებას ევროინტეგრაციის საკითხზე ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც არის დაპატიჟებული, მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. მეც დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვიქნებოდი ამ ღონისძიების ნაწილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე, როგორც, ფაქტობრივად, ყოველდღე ჩემი პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში, მე მიხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა, რადგან ეს არის ის ინსტიტუტი, რომელსაც ყველაზე მეტი ქართველი ამომრჩევლის ხმა აქვს ზურგს უკან და აგრეთვე არის ინსტიტუტი, რომელიც არის სახელმწიფო სიმბოლო. ძალიან მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო, მინდა, ჩემი ხელმოწერაც დავახმარო ამ პროექტს, რადგან ერთი წლის წინ თავად მოვაგროვე პრეზიდენტების და პრემიერების ხელმოწერები. ამ პროცესის ნაწილი ვიყავი მთელი ცხოვრება. 2018 წელს, როდესაც მე პრეზიდენტობას ვტოვებდი, საქართველოს ჰქონდა ბევრად უფრო მაღალი სტატუსი ევროკავშირთან თანამშრომლობის, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას, რადგან 2018 წელს მე ჩამოვიტანე ბრიუსელიდან ყველაზე მაღალი ფორმატი თანამშრომლობისა. ამავე დროს მე ვერ გავაკეთებ ისე, რომ არ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველას უნდა შევახსენო, რომ ეს არის სახელმწიფოს სიმბოლოს მატარებელი ინსტიტუტი. ძალიან მინდა იქ ყოფნა, ვერ მივალ და ვერ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ცოტა უცნაური იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შესთავაზონ პეტიციაზე ხელის მოწერა.

„მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში არ ვყოფილვარ და დაპირისპირებული ვიყავი მასთან ყოველთვის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ვერ დააბრალებთ მას არაპროდასავლურობას. მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეთავაზოს ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან მას ჰქონდა სტატუსი მესამე პრეზიდენტის. ვიცი რა ეს პოლიტიკური სირთულეები, თუ მართლა გვინდა, გადავაბიჯოთ ამას, იმ კაცს შევთავაზოთ ხელის მოწერა. ულტიმატუმს იმიტომ ვაკეთებ, რომ პრეზიდენტები საერთოდ არ ახსენეს და სააკაშვილს ხომ საერთოდ არ შესთავაზებენ. მეტიც, თუ მართლა რაღაც პრეცედენტის შექმნა გვინდა, რომ ევროპას გავუგზავნოთ დეპოლარიზაციის გზავნილი ამ თემაზე ერთიანობის, პრემიერ-მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრები მშვენიერია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, პრეზიდენტმა გამოიყენოს თავის უფლებამოსილება და ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს და მიიწვიოს თავისთან სასახლეში? პრეზიდენტს ნებისმიერი ფორმით აქვს უფლება სასამართლოს ვერდიქტის შეცვლის. თქვას, რომ ეს კაცი ერთი დღით თავისუფალია. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მე ვთხოვდი, რომ გვერდზე გადადოს თავისი ყველა საქმე და სამშობლოსთვის, იმ ევროპული არჩევნისთვის, რომელისთვისაც თავადაც იბრძოდა, ჩემთან ერთად მივიდეს ამ ღონისძიებაზე და ხელიც მოაწეროს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.