სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს მაშინ არ ჰქონდა ფასი, როცა პრეზიდენტი იყო და ახლა მით უმეტეს
სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს მაშინ არ ჰქონდა ფასი, როცა პრეზიდენტი იყო და ახლა მით უმეტეს

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი როცა იყო, განსაკუთრებით მაშინ, მის განცხადებებს ფასი არ ჰქონდა და ახლა მით უმეტეს, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების შეფასებისას.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პროცესებს გათიშულია და ცოტა ადეკვატურ შეფასებებს აცდენილია.

„არ ვიცი, რატომ უნდა ვეთანხმებოდე, ან – არა, მისი განცხადებებით უმნიშვნელოა. ადამიანი პოლიტიკურ პროცესებს გათიშულია და ცოტა ადეკვატურ შეფასებებს აცდენილია. განსაკუთრებულ ტრაგედიას იმაში ვერ ვხედავ, რომ ვიღაც საელჩოებში დადის და რჩევებს იღებს. ჩვენ საელჩოების კარნახით არ ვმოძრაობთ. გამოვარდე და თქვა, პროტესტი ავაგოროთო, ეს ასე არ ხდება. ქვეყანაში არცერთი პროტესტი ასე არ აგორებულა. ამას სჭირდება მუშაობა. მარტში პროტესტი არ იქნებოდა, რომ არა ორთვიანი ჩართულობა, მათ შორის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია. მისივე თქმით, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.

„ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.