პრემიერი - მადლობა სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლებს, რომელთა გმირობის შედეგად საფრთხე განეიტრალდა
მადლობა სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლებს, რომელთა გმირობის შედეგად საფრთხე განეიტრალდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადა, სადაც სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველების მოსანახულებლად მივიდა.
პრემიერმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.
„სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი – სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი არის ნამდვილად გმირი და დანარჩენი ბიჭები მკურნალობენ, სამი დაჭრილია, როგორც მოგეხსენებათ. მინდა, მათ ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.
მინდა, ყველას ვუთხრა მადლობა – სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სუს-ის, ასევე შსს-ს თანამშრომლებს, მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე“, – განაცხადა პრემიერმა.
საავადმყოფოში პრემიერთან ერთად შს მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდნენ.