პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე 1943-1944 წლებში უკრაინელების მიერ ჩადენილი ვოლინის გამოუძიებელი გენოციდის საკითხიც განიხილებოდა
პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე 1943-1944 წლებში უკრაინელების მიერ ჩადენილი ვოლინის გამოუძიებელი გენოციდის საკითხიც განიხილებოდა

პოლონეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ უკრაინული მხარისგან მეტ გაგებას ელოდება ქვეყნის საჭიროებებისა და პერსპექტივის კუთხით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.

როგორც პოლონური მედია წერს, ვარშავამ და კიევმა, რომლებიც აქამდე მტკიცე მოკავშირეები იყვნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროებში ელჩები გამოიძახეს. პოლონეთის ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიჩოკი იყო პირველი, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის პრეზიდენტის თანაშემწის კომენტარის გამო დაიბარეს. პოლონეთის პრეზიდენტის თანაშემწე მიუთითებდა, რომ კიევმა არასაკმარისი მადლიერება გამოხატა ომის დაწყების შემდეგ პოლონეთისგან მიღებული მხარდაჭერისთვის.

საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინის ელჩი ვასილ ზვარიჩი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ კიევმა არასაკმარისი მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისადმი, რაც უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე პოლონეთისგან მიიღო.

ამასთან, მედია წერს, რომ პოლონეთის საგარეო უწყებაში შეხვედრას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესწრებოდა, რადგან ელჩი იმ დროს კიევში იმყოფებოდა.

როგორც იაბლონსკიმ აღნიშნა, საგარეო უწყებაში შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები და 80 წლის წინ ვოლინში ჩადენილი ჯერ კიდევ გამოუძიებელი გენოციდი და მსხვერპლთა ექსჰუმაცია.

პოლონეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინული ხორბლის იმპორტის აკრძალვის გაგრძელებას გეგმავს, ამის მიზეზი კი პოლონელი ფერმერების მხარდაჭერაა, რასაც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. ასევე, საქმე ეხება ვოლინის გენოციდს, რომლის დროსაც უკრაინელი ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრებმა 1943-1944 წლებში პოლონეთში, ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში 100 000-მდე პოლონელი მოკლეს.