ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აზრი არ შეუცვლია, როდესაც უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლას არ გამორიცხავდა და ამ მიდგომას მართებულად მიიჩნევს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აზრი არ შეუცვლია, როდესაც უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლას არ გამორიცხავდა და ამ მიდგომას მართებულად მიიჩნევს

არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ადამიანთან, რომელიც არაფერს გამორიცხავს, – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ეკონიმისტთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზრი არ შეუცვლია, როდესაც უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლას არ გამორიცხავდა და ამ მიდგომას მართებულად მიიჩნევს. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს სამხედრო ინტერვენციების უახლესი ისტორია, განსაკუთრებით, აფრიკაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოების მოთხოვნით.

„რუსებს ფრონტი რომ გაერღვიათ და უკრაინისგან თხოვნა რომ ყოფილიყო – და ახლა ასე არ არის – ჩვენ ლეგიტიმურად დავუსვამდით საკუთარ თავს ამ კითხვას. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სცენარის გამორიცხვა ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ბოლო ორი წლის გაკვეთილები. მე მაქვს მკაფიო სტრატეგიული მიზანი: რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ევროპაში უსაფრთხოება აღარ იქნება. ვის შეუძლია, იფიქროს, რომ რუსეთი იქ გაჩერდება? როგორი იქნება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება – მოლდოვა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და ა.შ. და გარდა ამისა, რა სანდოობა ექნებათ ევროპელების მიმართ, რომლებმაც დახარჯეს მილიარდები, თქვეს, რომ კონტინენტის გადარჩენა იყო საფრთხის ქვეშ და შემდეგ ვერ იპოვეს რუსეთის შეჩერების გზა? ასე რომ, დიახ, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ არაფერი. ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ რუსეთმა ვერასდროს გაიმარჯვოს უკრაინაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.