„პოლიტიკო“ - ვიქტორ ორბანი შარლ მიშელისადმი წერილში კიევის მხარდაჭერაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება
„პოლიტიკო“ - ვიქტორ ორბანი შარლ მიშელისადმი წერილში კიევის მხარდაჭერაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, იხილა წერილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისწერა. წერილში ორბანი წერს, რომ ამ საკითხზე სტრატეგიული დისკუსიის გამართვამდე უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, მასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე გადაწყვეტილება არ იქნება.

„ევროპულმა საბჭომ უნდა შეაფასოს უკრაინის მიმართ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკის, მათ შორის, დახმარების სხვადასხვა პროგრამის განხორციელება და ეფექტიანობა“, – წერს ორბანი წერილში, რომელიც, „პოლიტიკოს“ ცნობით, არ არის დათარიღებული, თუმცა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ბეჭედი.

ამას გარდა, ორბანი სვამს კითხვას, რატომ უნდა გააგრძელოს ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა მაშინ, როდესაც აშშ-მა, შესაძლოა, მისი დაფინანსება ვეღარ გააგრძელოს მომავალ მხარდაჭერასთან დაკავშირებული პარტიული ჩიხის გამო?

„ევროპულმა საბჭომ უნდა გამართოს გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია თუ არა ეს მიზნები კვლავ რეალურად შესრულებადად? არის თუ არა ეს სტრატეგია მდგრადი აშშ-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გარეშე? შეგვიძლია თუ არა აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება მივიჩნიოთ, როგორც თავისთავად არსებული? როგორ წარმოგვიდგენია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ომის შემდეგ?“ – წერს ორბანი.

უნგრეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროპულ საბჭოს არ შეუძლია, მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გარანტიებთან, უკრაინის დამატებით ფინანსურ დახმარებასთან, ევროკავშირის სანქციებთან ან გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, ვიდრე არ იქნება მიღწეული კონსენსუსი უკრაინის მიმართ ევროკავშირის სამომავლო სტრატეგიაზე.