პოლ ჯოელი - საქართველოში უამრავი შესანიშნავი რამ გაკეთდა აშშ-სთან ურთიერთობების გასამყარებლად, იყო პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ, სააკაშვილისა და მისი ლობისტების პროპაგანდას დამაზიანებელი ეფექტი აქვს
ტონი ბლინკენმა რუსები გააფრთხილა, საქართველოს ხელები მოაშორონ, ამაზე მეტი რა უნდა ვითხოვოთ?! – ასე უპასუხა საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას, როგორ აღიქვამს აშშ მის პოლიტიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით და რას შეიძლება, ელოდოს საქართველო ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციისგან.
„ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. ტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივანია და როდესაც მისი პირველი საუბარი ლავროვთან შედგა, მათ საქართველოს საკითხზე ისაუბრეს. ეს იყო პირველი კავშირი რუსებთან და ბლინკენმა ისინი გააფრთხილა, მოაშორონ ხელები საქართველოს! ამაზე მეტი რა უნდა ვითხოვოთ?! ბაიდენის ადმინისტრაცია ევრო-ატლანტიკური საზოგადოების მხარდამჭერია და მწამს, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებები ლავროვთან იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ნარიშკინმა თავისი საჯარო გაფრთხილებით, განცხადებით სცადა, აშშ-ისთვის ეთქვა, თავი შორს დაიჭიროს საქართველოს შიდა საქმეებისგან. მან ასეთივე კომენტარი გააკეთა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც და ვიცით, ამას რა მოჰყვა. რუსმა კანდიდატმა წააგო და დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა“, – განაცხადა ჯოელმა.
მისი თქმით, ნათელია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, საქართველოში კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებსაც მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები აწვდიან.
„მაგალითად, წავიკითხე ლობისტების საბუთები. გასულ წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადა მისტერ შუნემანის კომპანიას, რომ მათთვის ლობირება გაეწიათ. შემდეგ კი ვნახე, რომ ბატონი შუნემანის გვარი იყო დართული საქართველოს მეგობრების წერილზე. ის კომპანიის წარმომადგენლად კი არ იყო მითითებული, არამედ ჰალიფაქსის უსაფრთხოების ორგანიზაციას წარმოადგენდა. როგორ შეიძლება, რომ ვიღაც, ვისაც დიდი ხანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უხდის, იქ ყოფილიყო?! ახლა ახალი ჯგუფია „ქაგნისენთ ლობი გრუფი“, რომელიც ვაშინგტონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებითაა დაკავებული. როცა იუსტიციის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტები წავიკითხე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ნახსენები, როგორც ნამდვილი პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ჯოელმა.
როგორც ჯოელმა აღნიშნა, საქართველომ უნდა იმუშაოს იმაზე, რაც ურთიერთობების გასამყარებლად განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა.
„ვიცი, რომ საქართველოში უამრავი შესანიშნავი რამ გაკეთდა ურთიერთობების გასამყარებლად, განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებასთან ერთად და დაიწყო სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-თან ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. პროგრესი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ბატონი სააკაშვილის და მისი ლობისტების პროპაგანდას დამაზიანებელი ეფექტი აქვს და არ მგონია, ეს სწორი იყოს“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.