პოლ ჯოელი - ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ის პროგრესის შესაძლებლობას უშვებს ხელიდან
პოლ ჯოელი - ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ის პროგრესის შესაძლებლობას უშვებს ხელიდან

დიპლომატიის ენა ხანდახან ისე მოდელირდება, რომ გარკვეულ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არც ერთ უცხოურ მთავრობას არ სურს, მასზე თქვან, რომ ჩაერია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც ნარიშკინი ამბობს. შენ შეგიძლია, მიიყვანო ცხენი წყალთან, მაგრამ ვერ აიძულებ, წყალი დალიოს. პრობლემა ესაა. თუმცა, ვფიქრობ არის სხვა საშუალებები, მკაფიო პირადი კონტაქტებისას. ამის საჯაროდ გაკეთება აუცილებელი არაა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს დაფინანსებაზე სანქციების დაწესება ყველაზე ცუდი იდეაა. სიტუაცია ახლა ამ დონეზე არაა. ჩვენ გვჭირდება რბილი მესიჯები საკვანძო მოთამაშეებისგან დიპლომატიისთვის, ხელისუფლებისთვის და საკანონმდებლო შტოსთვის, რომელიც ორივე მხარეს ეტყვის – მოდით, დავდოთ ეს შეთანხმება ახლავე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და მივიღოთ არჩევნები, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის“, – განაცხადა ჯოელმა.

ამ განცხადებით პოლ ჯოელმა გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, აღრმავებს თუ არა კრიზისს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასავლეთის ორაზროვანი მესიჯები და განცხადებები, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტის დეპუტატთა გუშინდელი განცხადებებია.

მისი თქმით, ადვილი იქნებოდა, განცხადებაში ეწეროს, რომ მხარეები ერთმანეთს ებრძოლონ, მაგრამ ერთად იმუშაონ და თან, წინ წაიწიონ უკეთესი სისტემის შექმნის კუთხით, მაგრამ ეს არარეალისტურია და ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, შეთანხმებაზე ხელის მოწერაა.

„ქართული ოცნების“ განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამბობდა, თუკი ოპოზიცია ერთ პროცენტზე მეტ სხვაობას დაამტკიცებდა, ახალ არჩევნებს ჩაატარებდნენ. ჰოდა, უნდა დაიწყოს ამის გამოძიება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – იმუშავეთ ერთად, ებრძოლეთ ერთმანეთს, მაგრამ თან, წინ წაიწიეთ უკეთესი სისტემის შექმნის კუთხით. გეთანხმებით, ადვილი იქნებოდა განცხადებაში რომ ეწეროს, უბრალოდ ეს გააკეთეთო. თუმცა, მგონია, რომ ეს არარეალისტურია. ახლა, რაც უნდა გააკეთოთ, შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროთ“, – განაცხადა ჯოელმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტიები შეთანხმებას შეძლებენ, ჯოელმა განაცხადა, ვიდრე რომელიმე მხარე პროვოკაციაში უფროა დაინტერესებული, ვიდრე გადაწყვეტილების პოვნაში, პრობლემა არ მოგვარდება.

„მიზეზი, რატომაც სტატია დავწერე, ის არის, რომ სანამ რომელიმე მხარე პროვოკაციაში უფროა დაინტერესებული, ვიდრე გადაწყვეტილების პოვნაში, პრობლემა არ მოგვარდება. თუკი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის სხვა წევრები არ ადგებიან და არ იტყვიან – საკმარისია მიშა, დროა წახვიდე, ჩვენ აქ ახალი ლიდერები გვეყოლება, სხვა მიმართულებით წავალთ, შევალთ პარლამენტში; გულწრფელები ვიქნებით იმ ხალხთან, ვინც ხმა მოგვცა, შენს წინაშე კი არა; ვაპირებთ, მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ შემდეგი არჩევნებისას გამოსწორებული იქნება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე გვქონდა. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რამხელა ამომრჩეველი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, რა ელექტორატზე ჰქონდათ გათვლა, დაახლოებით 46 პროცენტზე, რისი იმედი ჰქონდათ? ოპოზიციას მართლა სერიოზული მიღწევა ჰქონდა“, – განაცხადა ჯოელმა.

პოლ ჯოელმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„შედით პარლამენტში! თუკი ამას გააკეთებთ, საშუალება გექნებათ, კოალიციურად იმუშაოთ „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ელემენტებთან, სხვა ოპოზიციასთან. თქვენ პროგრესის შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან. იმიტომ, რომ თქვენი მენტალიტეტით, ან თქვენებურად უნდა იყოს, ან არანაირად. ეს არასწორია. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროგრესი იქნება, როცა რაღაცები შეიცვლება და ეს ცვლილებები ახლავე უნდა მოხდეს, ორივე მხარიდან“, – განაცხადა ჯოელმა.

ინტერვიუს დასასრულს ჯოელმა საქართველო წარმატება უსურვა.

„საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ პერიოდთან გასამკლავებლად. ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ ციფრული ინფორმაციის ომის ხანაში გვიწევს ცხოვრება და სამწუხაროდ, ამ საინფორმაციო ომს ძალიან წარმატებით ახორციელებენ ჩვენი მტრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ერთად უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.